29 ნოემბერს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელმაც შესაძლოა სოციალისტური პარტიის (PSOE) რვაწლიანი მმართველობა დაასრულოს. წინასაარჩევნო გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, არჩევნებში უპირატესობა მემარჯვენე სახალხო პარტიას (PP) აქვს, რომელსაც მთავრობის შესაქმნელად, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ (Vox) მხარდაჭერა დასჭირდება. Vox-მა თანამშრომლობა არ გამორიცხა.
ესპანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც მთავრობამ საცხოვრებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცება ვერ შეძლო. სანჩესის სოციალისტურ პარტიას ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს. საბინაო კრიზისისა და მზარდი საიჯარო გადასახადების ფონზე მადრიდში მცხოვრები 87 წლის ქალის გამოსახლებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მოქალაქეებისთვის მთავარი საკითხი საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ამომრჩევლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების გაზრდილი ფასი, კორუფცია და იმიგრაცია.
წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 68.15% შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 15.02 პროცენტული პუნქტით აღემატება. ესპანეთის კომუნიკაციების მდივნის, ლიდია დელ კანტოს განცხადებით, ეს ისტორიული მაჩვენებელია.
მაღალი აქტივობა შესაძლოა როგორც სოციალისტური პარტიისთვის, ისე კონსერვატიული სახალხო პარტიისთვის აღმოჩნდეს ხელსაყრელი. ისტორიულად ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა სოციალისტებს აძლიერებდა, თუმცა ამჯერად სახალხო პარტიაც იმედოვნებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნა მის სასარგებლოდ იმოქმედებს.
აქტივობა განსაკუთრებით გაიზარდა მადრიდში, სადაც 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა 72.69% იყო მისული არჩევნებზე – 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტი. ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ქალაქ სეუტაში აქტივობამ 60.8% შეადგინა, რაც წინა არჩევნების მაჩვენებელს 21.5%-ით აღემატება. ტოლედოს პროვინციაში კი ამომრჩეველთა აქტივობა 70.87% იყო.
არჩევნები ესპანეთში სარკინიგზო ავარიების ფონზეც იმართება – ბოლო ათი თვის განმავლობაში ქვეყანაში ორი ჩქაროსნული მატარებლის ავარია მოხდა, რასაც ჯამში 114 ადამიანი ემსხვერპლა:
18 იანვარს კერძო კომპანია Iryo-ს მატარებლის სამი ვაგონი ქალაქ ადამუსთან რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო კომპანია Renfe-ს მატარებელს შეეჯახა. ავარიას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველადი გამოძიების თანახმად, შემთხვევის მიზეზი მალაგასა და მადრიდს შორის სარკინიგზო ლიანდაგის დაზიანება გახდა.
28 ოქტომბერს კი მადრიდის სამხრეთით, ქალაქ ურდასთან, Renfe-ს ჩქაროსნული მატარებელი გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს უკნიდან შეეჯახა. დაიღუპა 69 ადამიანი. მეორე ავარიის შემდეგ ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადებით, 2 ასეთი მძიმე ავარიის შემდეგ, რომლებიც ერთ წელზე ნაკლებ დროში მოხდა, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობაზე ვერ დარჩებოდა.
მთავარი პოლიტიკური ძალები
არჩევნებში მთავარი კონკურენტები პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური მუშათა პარტია (PSOE) და ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს ხელმძღვანელობით მოქმედი სახალხო პარტია (PP) არიან.
სანჩესი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ის იმედოვნებს, რომ საბინაო კრიზისისა და ულტრამემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლის საფრთხის ფონზე მემარცხენე ამომრჩევლების მობილიზებას შეძლებს. ამასთან, ის უარყოფს კორუფციულ გამოძიებებთან დაკავშირებულ ბრალდებებს, რომლებშიც მისი ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვის წარმომადგენლები ფიგურირებენ.
სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიხოო გალისიის ყოფილი პრეზიდენტია. მისმა პარტიამ 2023 წლის არჩევნებში ყველაზე მეტი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად საჭირო უმრავლესობა ვერ მიიღო. ამჯერად პარტიის საარჩევნო პროგრამა გადასახადების შემცირებას, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებასა და კლიმატის პოლიტიკის შეცვლას ითვალისწინებს.
მესამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა ულტრამემარჯვენე „ვოქსია“ (VOX), რომელსაც სანტიაგო აბასკალი ხელმძღვანელობს. პარტია იმიგრაციაზე კონტროლის გამკაცრებას, სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალიზაციასა და გადასახადების შემცირებას უჭერს მხარს.
გამოკითხვების მიხედვით, სახალხო პარტიას მთავრობის შესაქმნელად, სავარაუდოდ, სწორედ „ვოქსის“ მხარდაჭერა დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში ულტრამემარჯვენე პარტიამ შესაძლოა ესპანეთის მინისტრთა კაბინეტში ადგილი პირველად დაიკავოს 1975 წელს ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ.