ქართული მხარე „ფრონტერასთან" კონტრაქტს წყვეტს

პუბლიკა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანია „ფრონტერასთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გააგზავნა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს.

მათი თქმით, 17 აპრილს გამოტანილ იქნა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დავაზე, რომელიც კომპანია „ფრონტერასთან” მიმდინარეობდა. დავა კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხებოდა.

„საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა” არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს”, – წერს სააგენტო.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წლის 27 აპრილს სააგენტომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს).

„ქართული მხარე კომპანიას მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ნებაყოფლობით შეასრულონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით”, – წერს სააგენტო.