ავტობუსი ლაგოსში - როგორ უნდა დასხდნენ მგზავრები პანდემიის დროს

პუბლიკა

ნიგერიის ქალაქ ლაგოსის ავტობუსის სერვისი აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ჩანს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოციალური დისტანციის დასაცავად საზოგადოებრივი ტრანსპორტის სკამები დანიშნულია, თუ სად შეიძლება დაჯდეს მგზავრი ისე, რომ უსაფრთხოდ იმგზავროს.

„აიღეთ პასუხისმგებლობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაიცავით მითითებები. დაგვეხმარეთ ვირუსთან ბრძოლაში, იყავით უსაფრთხოდ და დარჩით ცოცხალი“, – წერია ფეისბუქგვერდზე.

ავტობუსის ფოტოს აქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაეროს მრჩეველი გელა კვაშილავაც, რომელიც წერს, რომ ლაგოსში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორები კორონავირუსის პრევენციისთვის პასუხისმგებლობის საუკეთესო პრაქტიკას აჩვენებენ. მისი აზრით, პიკის საათებში გადატვირთვა რომ აიცილონ, კომპანიებმა თანამშრომლების ნაწილს გვიან გამოცხადების საშუალება უნდა მისცენ. კვაშილავა წერს, რომ ავტობუსში ფეხზე მდგომი მგზავრების დასაშვები რაოდენობა 5-6 ადამიანია, რათა მათ, კომპრომისის გარეშე, 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვან.