თუ დამაძალებენ - არ ავიცრი, თუ ამიკრძალავენ - აუცილებლად ავიცრი - მიტროპოლიტი ვაქცინაციაზე

პუბლიკა

„მე თუ ვინმე დამაძალებს აცრას, არავითარ შემთხვევაში არ ავიცრი, და თუ ვინმე ამიკრძალავს – აუცილებლად ავიცრი“. – ამბობს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი. –

„ქართული ხასიათია ასეთი“, – დასძენს ის TV პირველთან საუბარში.

ვაქცინაციაზე საუბარი მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აფასებდა ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოს საბას ქადაგებას, რომლის მიხედვით, „დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს…“, ეპისკოპოსის თქმით „შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს“.

როგორც ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, ამ ნათქვამს აქვს ფონი და წინაპირობა, კონტექსტი სხვაა და ეპისკოპოსი საბა ეშმაკს არა ვაქცინაში, არამედ ვაქცინის საყოველთაობაში ხედავს, რადგან, თუ ვაქცინას არ გაიკეთებ, საზოგადოებიდან გაირიყები.

გადაცემაში ფაჩუაშვილი საუბრობს „მხეცის გამოცხადებაზე“, „შუბლსა და ხელზე დადებულ ნიშნებზე“, უკონტაქტო გადახდაში „დამალულ საშიშროებებსა“ და ა.შ.

_______________________

„პუბლიკა“ ემიჯნება სასულიერო იერარქთა ცრურწმენაზე დაფუძნებულ და მეცნიერულ აზრს მოკლებულ განცხადებებს.