EMC: თეთრიწყაროს მოსახლეობა ბაზისური სამედიცინო საშუალებების გარეშეა დარჩენილი

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მკაცრი კარანტინის პირობებში მოქცეული თეთრიწყაროს მოსახლეობის მდგომარეობაზე საუბრობს. ორგანიზაციის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბაზისური სამედიცინო საშუალებებისა და რესურსების გარეშეა დარჩენილი, მათი მდგომარეობა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვამ დაამძიმა.

„მუნიციპალიტეტში, სადაც 20 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ორი ინფრასტრუქტურულად აშკარად გაუმართავი აფთიაქი და ერთი საავადმყოფო ფუნქციონირებს, სადაც მხოლოდ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. შექმნილი ვითარება საგანგაშოა და ღიად მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის არაეფექტიან მუშაობაზე.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, მთავრობამ გაითვალისწინოს პანდემიის პირობებში გამოვლენილი პრობლემები და გამოყოს შესაბამისი რესურსები მუნიციპალიტეტში გამართული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მოსახლეობის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის სწრაფი და შეთანხმებული მუშაობა”, – წერია განცხადებაში.

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/photos/a.549427215089922/3231327943566489/?type=3&theater