„ზემოდან რეკავდა“ - ISFED დამკვირვებელზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე – მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს“ მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

გთავაზობთ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე სავარაუდო ზეწოლის, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლისა და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის ანგარიშში შესულ შემთხვევებს:

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე სავარაუდო ზეწოლა

სენაკი

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას, ადგილობრივი წარმომადგენლების მეშვეობით, 1 ივნისიდან ახორციელებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გაწეული მონიტორინგი, ასევე, მოიცავს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის დამკვირვებელმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან შეხვედრები დაიწყო, 13 ივნისს, პირად მობილურზე დაფარული სატელეფონო ნომრიდან დაუკავშირდნენ. ანონიმურმა პირმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ „ზემოდან რეკავდა“ და გააფრთხილა რომ, „ზედმეტი მოძრაობების“ შემთხვევაში, მის ბიზნესს პრობლემა შეექმნებოდა.

პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლა

ქუთაისი

ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიგა შუშანიას მიერ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 26 ივნისს, გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას სულხან-საბას დასახლებაში ხვდებოდა, სადაც მივიდა 2 ნასვამი პირი და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. ორგანიზაციის წარმომადგენელი გაესაუბრა უბნის მცხოვრებლებს, რომლებიც დამატებით ამბობენ, რომ მცირეწლოვანმა ბავშვებმა გრიგოლ ვაშაძეს ნარჩენები ესროლეს. შუშანიას ცნობით, ადგილზე ააიპ „სპეციალური სერვისების“ უფროსის მოადგილე ნიკა დვალი თანხმლებ პირებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ეს მისი უბანი იყო და შეხვედრის ჩატარების უფლებას არავის მიცემდა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან ნიკა დვალმა ეს ფაქტი უარყო.

გორი

26 ივნისს, დაახლოებით დილის 09:30 წუთზე, მოქალაქემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ოფისი დაარბია. თვითმხილველების თქმით, უცნობი მამაკაცი პარტიის ოფისის შუშებს ქუჩიდან ქვებს ესროდა და ოფისის ფანჯრები და ტექნიკა დაამსხვრია. ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს მათ ოფისზე თავდასხმის უკვე მეოთხე შემთხვევაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს ქვები ესროლა, ასევე, ოფისიდან კომპიუტერის მონიტორი გამოიტანა და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის ფაქტები

ხულო 

„7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი – ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე დააკავეს. დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში პერმანენტულად აწყობენ აქციებს და აცხადებენ, რომ ამ პირების დაკავება უსამართლოა.

15 ივნისს გამართულ აქციაზე, დაკავებული რეზო წულუკიძის ძმამ – მოჭიდავე ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, რომ მისი ძმის დაკავებამდე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, სპორტსმენები შეკრიბა და კონსპირაციულად შეხვდა პოლიციის განყოფილებაში, აჭარის პოლიციის უფროსის თანდასწრებით, სადაც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დახმარება სთხოვა. სანაცვლოდ, კი, ფინანსურ სარგებელს და ბიზნეს საქმიანობაში ხელშეწყობას დაჰპირდა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არჩევნების დღეს მოსახლეობის მობილიზაციისა და დაშინებისთვის ფიზიკურად ჯანმრთელი და ძლიერი სპორტსმენები სჭირდება, რათა ამომრჩევლებმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ. ფირუზ წულუკიძის თქმით, უარის შემდეგ რიჟვაძემ სამაგიერო ძმის დასჯით გადაუხადა. აღნიშნული ინფორმაცია, დაკავებული რეზო წულუკიძის ძმამ, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძემ ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში დაადასტურა.

მოგვიანებით, ფირუზ წულუკიძემ გაასაჯაროვა 19 და 24 მარტის საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვითაც, დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მეუღლეებს საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ 2000-2000 ლარი, როგორც სოციალური დახმარება იმის სამტკიცებლად, რომ დავით რიჟვაძესა და სპორტსმენებს შორის არაფორმალური გარიგება შედგა. გამოცემა ნეტგაზეთი – ბათუმელების ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ გაასაჯაროვა 16 მარტის წერილები, რომლითაც დაკავებულების მეუღლეები თავად ითხოვენ სოციალურ დახმარებას, ორივე წერილი შედგენილია ერთ დღეს და წერილში ორივე დახმარებისთვის 2000-2000 ლარს ითხოვს”, – წერს ISFED.