ინტერვიუ | მეჩვენება, რომ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლების ინტერესშია

პუბლიკა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას სამოქალაქო პროტესტის განახლება მოჰყვა. გაერთიანდა ოპოზიციაც და ხელისუფლებას პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა წაუყენეს, ასევე ითხოვენ მთავრობის გადადგომას. როგორი მასშტაბის არის პროტესტი; აიძულებენ თუ არა ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას; ვის ინტერესებშია ვადამდელი არჩევნების გამართვა და რა შანსები აქვს ოპოზიციურ პარტიებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში – „პუბლიკამ” ამ შეკითხვებით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელ კორნელი კაკაჩიას მიმართა. 

როგორ შეაფასებთ 18 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს? 

18 ნოემბრამდეც პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო. ამის დასტური იყო ივნისის მოვლენები. როდესაც უკვე დადგა პოლიტიკური კრიზისი, მის განსამუხტად ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო. 

იყო სხვა მოთხოვნებიც, რომლებიც არ შესრულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ხელისუფლებამ  ამ მეთოდით პროტესტის მინელება მეტნაკლებად მოახერხა. 

მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამის შემდეგ ამ პროტესტს საფუძველი გამოეცლებოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ (პროპორციულის ჩაგდებამ) საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა უფრო გააღვივა. 

იქ მარტო პოლიტიკური პარტიები არ არიან. შეიძლება დღესდღეობით ათასობით ადამიანი არ გამოდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი იზიარებს ამ პროტესტის სულისკვეთებას. შეიძლება ფიზიკურად არ არიან იქ, მაგრამ მხარს უჭერენ აქციას. 

ამას ქართული „ოცნების“ ხელისუფლებაც ხვდება. თუ კარგად გავაანალიზებთ, რატომ თქვეს უარი პროპორციულ არჩევნებზე, მივხვდებით, რომ მათ, დიდი ალბათობით, ჩაატარეს შიდა კვლევები და ივარაუდეს, რომ ვერ შეინარჩუნებდნენ ხელისუფლებას 2020-ის არჩევნების შემდეგ და მოხდებოდა რეჟიმის ცვლა. 

არახალია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს საკუთარი მმართველობის  გახანგრძლივებას. 

როგორც კი მმართველი ძალა იწყებს ფიქრს ხელისუფლების შენარჩუნებაზე და გადადის ხისტ ქმედებებზე, იგი კარგავს მორალურ უპირატესობასა და საყრდენს საზოგადოებაში. 

საზოგადოება იღლება ამ პროცესისგან, (რაც არ უნდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიასთან ჰქონდეს საქმე და რაც არ უნდა პოზიტიური მემკვიდრეობა ჰქონდეს მას), თუ ხვდება,  რომ ქვეყანაში სტაგნაციაა, ანუ ქვეყანა ვერ პროგრესირებს, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო. ამ დროს საზოგადოებაში მწიფდება აზრი, რომ საჭიროა რაღაცის, მათ შორის ხელისუფლების, შეცვლა. საზოგადოებას მიაჩნია, რომ “ახალი ცოცხი კარგად გვის”. როცა მმართველი რეჟიმი ცდილობს, ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას, ის თანდათანობით კარგავს საზოგადოების კეთილგანწყობას და მხარდაჭერას. აქედან იწყება ის პროცესები, რომლებიც საქართველომ უკვე ბევრჯერ გაიარა.

ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება არჩევნებს აგებს, ღირსეულად მიდის ხელისუფლებიდან და ოპოზიციაში გადადის. ჩვენი პოლიტიკური კულტურა ამ დონზე  ჯერეჯერობით ვერ განვითარდა.  ბევრ განვითარებულ სახელმწიფოშიც უცდიათ ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ეს არ ხდება ადმინისტრაციული, პოლიტიკური და ფინანსური რესურსის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისა და მანიპულაციების ხარჯზე. და თუ ასეთი რამ მაინც ხდება, ჩნდება ხელისუფლების  ლეგიტიმურობის პრობლემა.

თანხმებით  თუ არა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უკავშირდება ხელისუფლების შიშს, რომ 2020 წლის არჩევნებში ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას? 

ვავარაუდოდ ეს ასეცაა. თავიდან, როცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს მათ დიდი სიხარულით არ გაუკეთებიათ, მაგრამ სურდათ სიტუაციის ჩაწყნარება. შემდეგ, როცა გაიაზრეს და გამოთვალეს, მიხვდნენ, რომ ეს ნაბიჯი არ იყო მომგებიანი. ახლა ვართ პროცესში, როცა მმართველი ხელისუფლება ცდილობს ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და ნებისმიერი მეთოდით შეინარჩუნოს იგი.

 სამწუხაროდ, ამას ხშირად აკეთებენ ჩვენთან მმართველი ხელისუფლებები.  მათთვის არჩევნებში დამარცხება მხოლოდ პოლიტიკური დანაკარგი არაა. ეს დაკავშირებულია უფრო დიდ რისკებთან. ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა მას საქართველოში აღარ დაედგომებოდეს, განსაკუთრებით არსებული მწვავე პოლარიზაციის პირობებში. 

მათ ესმით, რომ ეს პროცესი საერთაშორისო საზოგადოების თვალში მომგებიანი არ არის, მაგრამ იმდენად დიდია  ხელისუფლების დათმობის პოლიტიკური ფასი, რომ ამ სერიოზულ რისკზეც მიდიან. ეს ახასიათებს პოსტსაბჭოთა რეჟიმების უმრავლესობას  და ამიტომაც არის, რომ რამდენიმე ათეული წელია ქვეყანა ვერ გამოვიდა ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიიდან.

„ქართული ოცნება”  ცდილობდა, ისე წარმოეჩინა 20 ივნისის მოვლენები, რომ თითქოს  ის პროტესტი ანგარიშგასაწევი არ იყო. თქვენც თქვით, რომ ბედნიერი არ იყვნენ პროპორციულ არჩევნებზე გაცემული დაპირების გამო, მაგრამ მოუწიათ, რადგან ასე სცადეს პროტესტის განელება. 

ახლაც იგივე პროცესი მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ხალხი „ქართული ოცნების” უკან დგას, კალაძემ კი კვლევებზე თქვა: არ მაინტერესებს, რადგან ისედაც ვიცი, ხალხი ჩვენზე რას ფიქრობსო. 

თქვენ თქვით, რომ შეიძლება ამ პროტესტში მონაწილე ხალხის რაოდენობა დიდი არაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტის სულისკვეთებას სხვები არ იზიარებენ. რატომ არ დგას ეს ხალხი პროტესტის ეპიცენტრში? რით ხსნით ამას?

პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ჩართულია საპროტესტო აქციებში, მაგრამ არის სხვა  მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერჯერობით ქუჩაში გამოსვლისგან თავს იკავებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროტესტს მხარს არ უჭერენ. თუ სიტუაცია გამწვავდა, ეს ნაწილიც იქ დადგება და შემდგომ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება მოვლენების თავის სასარგებლოდ შემობრუნება. ის კრიზისი რომელიც მიანავლეს, შეიძლება სანანებელი გაუხდეს ხელისუფლებას. ეს ხალხი ასევე გამოვა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ დაუშვა ისეთი შეცდომა, როგორიც არის ძალის გადამეტება. ერთი ფაქტორიც არის, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც პროტესტში მონაწილე ადამიანების რაოდენობაზე ვსაუბრობთ: იქ ოპოზიციური პარტიებიდან წარმმართველი  ძალად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოიაზრება. ასევე არიან სხვა პარტიებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს ენმ-ის ნაწილი იყო. მათ მიმართ საზოგადოების ნაწილს აქვს გარკვეული შეკითხვები და არავის სურს, ვიღაცის პოლიტიკურ თამაშში იყოს გამოყენებული. მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია “ქართული ოცნების” ჩანაცვლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“. ამგვარი დამოკიდებულება გარკვეულწილად აბრკოლებს პროცესს და ამას მმართველი პარტია საკუთარი მიზნებისთვის კარგად იყენებს. 

ამ პროტესტში, ენმ-ის გარდა, მონაწილეობს სამოქალაქო მოძრაობა და სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ეს საკითხი ისე დგას, როგორც თქვენ აღწერეთ, თუ „ქართული ოცნება” ცდილობს, პროცესის იმგვარად წარმოჩენას,  თითქოს მისი მთავარი წამყვანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყოს?

„ქართული ოცნება“ ბუნებრივია ამას ცდილობს,  მაგრამ ამომრჩევლების გარკვეულ სეგმენტში უკვე დიდი ხანია ეს პრობლემა დგას. ამას რომ გარკვეული ობიექტური საფუძვლები არ ჰქონდეს, მაშინ ეს მოცემულობა არ გვექნებოდა. სანამ გარკვეულ წრეებში სააკაშვილი მოიაზრება ივანიშვილის საპირწონედ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალოს. თუმცა აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ენმ-ის ფაქტორი არაა ერთადერთი მიზეზი. 

ჯერჯერობით საზოგადოება ელოდება, როგორ დასრულდება ეს პერიპეტიები, მაგრამ, საბედნიეროდ, უახლოესი სამეზობლოსგან განსხვავებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში  ასეთ ვითარებაში ხალხი ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებას. საზოგადოება მესამე ვადით არასოდეს ირჩევს იმავე მმართველ ძალას. ჩემი ვარაუდით, ეს ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. „ქართული ოცნება“ ცდილობს აღნიშნული სცენარის პრევენციას და დიდი ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსები მათ ამის საშუალებას აძლევს. რაც მათ ამ დღეების განმავლობაში დაკარგეს, ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა. 

საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვაზე ნარატივს „ქართული ოცნება” არ იზიარებს…

თუ კარგად დავაკვირდებით და მეტნაკლებად ობიექტურად შევაფასებთ, აშკარაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერამ იკლო. ეს ნიშნავს, რომ ხდება „ქართული ოცნების“ ფრაგმენტაცია. პარტიიდან ლიბერალური ნაწილის გასვლის შემდეგ „ქართული ოცნება”  სავარაუდოდ თავდაცვის რეჟიმში გადავა, რათა საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ამ ცვლილებებით არ შეიცვლება ქვეყნის საგარეო კურსი. დასავლეთში უკვე გამოჩნდა რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება. “ოცნებაში” ალბათ უკვე ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ამ სიტუაციასთან გამკლავება, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თანდათანობით კარგავენ  მხარდაჭერას. ზოგადად დასავლეთში ნაკლებ სიმპათიას იწვევს რეჟიმი, რომელიც ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და მნიშვნელობა არ აქვს რა აქვს მას გაკეთებული იქამდე. ასე იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, სააკაშვილის პერიოდში და ასე იქნება დღესაც, მით უფრო, რომ ეს ხელისუფლება დასავლეთთან განსაკუთრებული ურთიერთობით არ გამოირჩევა. ვგულისხმობ იმას, რომ თვისებრივად ახალ საფეხურზე არ აუყვანია დასავლეთთან ურთიერთობა.

 საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის განცდა, რომ ამ მასშტაბის წინააღმდეგობით ვერ მიიღწევა ის, რაც პროტესტის მონაწილე აქტორებმა დააანონსეს – ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით, გადამდგარი და ახალი ტექნიკური მთავრობის პირობებში. 

 ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ხალხის ნაწილი არ გამოდის, არის ქართული ოპოზიციური პარტიების რადიკალური ბუნება, რევოლუციური სულისკვეთება. მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა გვაქვს და არავის სურს არაკონსტიტუციურ ქმედებაში  მონაწილეობა, რომელიც შესაძლოა ქვეყნისთვის სავალალოდ დამთავრდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად აჩვენებს პოლიტიკურ სიმწიფეს ოპოზიცია. საზოგადოებამ უნდა დარწმუნდეს, რომ ოპოზიციამ ამოწურა ყველა გონივრული შესაძლებლობა, ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდოდა.

მეჩვენება, რომ ვადამდელი არჩევნები ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას აწყობს. მართალია, ოპოზიცია არ არის წინააღმდეგი, მაგრამ არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიები დღეს არჩევნებისთვის მზად იყვნენ. ხელისუფლებას რესურსები ყველა მიმართულებით   აქვს – ადმინისტრაციული, რეგიონალურ დონეზე და ა.შ. ისინი უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში არიან. ოპოზიციური პარტიები ასე სწრაფად ვერ გადაეწყობიან წინასაარჩევნო რეჟიმზე. ისინი ერთ-ერთ ვარიანტად ვადამდელ არჩევნებს განიხილავენ, და თუ სერიოზული კრიზისი შეიქმნა მათ ამაზე წასვლა მოუწევთ.  მსგავსი ნაბიჯი თავის დროზე გადადგა სააკაშვილმა – მან პოსტი დატოვა და იცოდა, რომ, სავარაუდოდ, აირჩევდნენ. თუმცა, არ ვარ დარმწუნებული, რომ მაინცდამაინც ოპოზიციის სასარგებლოდ დასრულდება ვადამდელი არჩევნები. მეორე მხრივ, ქვეყნისთვის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს პოლიტიკური კატაკლიზმები. ჩვენ თუ მუდმივად კრიზისების ფონზე შევცვლით ხელისუფლებას, ეს ცუდად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებზე. თუ ქვეყანაში ყოველ 8 წელიწადში რევოლუცია ხდება, როგორ უნდა მიიღონ ასეთი ქვეყანა ნატოში ან ევროკავშირში?  ეს უკვე სერიოზულ კითხვებს ბადებს ქვეყნის სტაბილურობასთან დაკავშირებით, და იმაზე თუ რამდენად მომწიფებულია პოლიტიკური კლასი და მდგრადია პოლიტიკური ინსტიტუტები.

 მთლიანობაში ვფიქრობ, რომ საზოგადოებას იმედი აქვს, რომ ის ხელისუფლებას შეცვლის მშვიდობიანად, საარჩევნო ყუთებთან.  

დავუბრუნდეთ ვადამდელი არჩევნების თემას. ვადამდელის დანიშვნის შემთხვევაში თუ ოპოზიცია გააქტიურდება, ივლის რეგიონებში, დღის წესრიგში მუდმივად იქნება ხელისუფლების კრიტიკა – ასეთ მოცემულობაში ოპოზიციის შანსი, როცა ხელისუფლებას რეაბილიტაციის შესაძლებლობას არ უტოვებ, არ იზრდება? 

 საზოგადოება კრიტიკულად არის განწყობილი, თუმცა ჯერჯერობით არა რადიკალურად. ხელისუფლებას ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომლითაც შეუძლიათ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა, განსაკუთრებით რეგიონებში.

პოლიტიკური ველი ფრაგმენტირებულია. ენმ-ს თუ არ ჩავთლით, არ გვყავს ძლიერი პოლიტიკური პარტიები მუდმივი ამომრჩევლით.  ეს გარკვეულ პრობლემას უქმნის პოლიტიკურ აქტორებს, რადგან ისინი საზოგადოების გადამწყვეტი მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებენ. ამ პარტიებს აქვთ შიდა დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ძველი იდეებით რთულია მოიზიდო ამომრჩეველი. ამიტომ საჭიროა ახალი ნარატივი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდება. ამის სანაცვლოდ  გვესმის ნარატივი, რომ ესენი ძალიან ცუდები არიან და ჩვენ ამათზე ცუდები არ ვართ. საზოგადოებამ უნდა ნახოს, რომ ცუდსა და უარესს შორის არ აკეთებს არჩევანს.  

დაასუსტა თუ არა „ოცნების“ პარტია „ქართული ოცნებიდან“, ე.წ. ლიბერალური ფრთის წარმომადგენლებად წოდებული წევრების გასვლამ? 

 „ქართული ოცნება“ დაუბრუნდა პერიოდს, როცა არჩევნების წინ ივანიშვილს ჰქონდა ცუდი იმიჯი, როცა ის მოიაზრებოდა პრორუსული ორიენტაციის ოლიგარქად. ამის გასანეიტრალებად, იგი  იძულებული გახდა, თანამშრომლობა დაეწყო თავისუფალ დემოკრატებთან, რესპუბლიკელებთან. ეს პრობლემა მან ნაწილობრივ ამ მეთოდით მოაგვარა. თუმცა ახლა პარტია თითქმის იმავე სიტუაციას უბრუნდება. მას პროდასავლური  ნაწილიც ჩამოშორდა და მუდმივად მოუწევთ ფიქრი, როგორ წარმოაჩინონ თავი, როგორც პროდასავლურ რეფორმატორულ ძალად. ბუნებრივია ამ ფაქტორს ოპოზიცია გამოიყენებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე აღსანიშნავია  მმართველი პარტიის მწირი ინტელექტუალური რესურსები. საკალათბურთო ტერმინი რომ გამოვიყენოთ მათ მოკლე სათადარიგო სკამი აქვთ, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასევე მათი “აქილევსის ქუსლია” ნიჭიერი ახალგაზრდა კადრების მოზიდვა. 

 

ფოტო: მზია საგანელიძე (RFE/RL)