შენარჩუნებულია ტენდენცია ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისთვის უფრო მაღალი ჯარიმის შეფარდებაზე – საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის ერთ-ერთი თავი ეხება ნარკოდანაშაულს – გამოყენებულ აღკვეთ ღონისძიებებს ნარკოტიკულ დანაშაულზე, გამოყენებულ სასჯელებს და ა.შ.

ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, ასევე – ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.

შესავალში საია აღნიშნავს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადად წარმოაჩენს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნორმები არ არის სათანადოდ დარეგულირებული.

ორგანიზაციის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახადა საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებამ. თუმცა, არათუ ცვლილებები, არამედ უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაც კი არ არის განსაზღვრული.

სასამართლო სხდომების ანალიზი

საია დაესწრო პირველი წარდგენის 136 სხდომას 147 პირის მიმართ, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენა. აქედან მხოლოდ 9-ს ედავებოდა გამოძიება სსკ-ის 273-ე ან 273-ე პრიმა მუხლებით ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებული მაჩვენებელია [273-ე მუხლი – ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, მოხმარება; 273-ე პრიმა – მცენარე კანაფის ან მარიხუანის ფლობა, გასაღება].

წარმოდგენილ დიაგრამაზე ასახულია ინფორმაცია ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების შესახებ. მონაცემები არ შეიცავს სსკ-ის 273-ე და 273-ე პრიმა მუხლებთან მიმართებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების სტატისტიკას.

„სასამართლოს და პროკურატურის მიდგომები ამ ტიპის დანაშაულზე არ შეცვლილა და, დაახლოებით, წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსია. 143 ბრალდებულიდან დაკავებულის სტატუსით წარდგა 127 (89%) პირი. 71-დან 67 (94%) შემთხვევაში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა დანაშაულებს, პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი 73%-ია”, – წერს საია.

სასამართლომ გირაო გამოიყენა 71 შემთხვევაში, აქედან 56-ში (79%) – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

ანგარიშში საია აღნიშნავს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებები, სხვა ტიპის დანაშაულებთან შედარებით, უფრო მეტად დაუსაბუთებელი ან/და არასაკმარისად დასაბუთებულია. საანგარიშო პერიოდში, ჯამში, გამოვლინდა ასეთი 167 გადაწყვეტილება, საიდანაც 69 (41%) ეხებოდა ნარკოტიკულ დანაშაულს. პროკურატურა ყველა შემთხვევაში კვლავ შაბლონურად მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემდეგ საფუძვლებზე: 1. დანაშაულის გაგრძელების საფრთხე – ვინაიდან ნარკოტიკულ დანაშაულს ახასიათებს განმეორებითობა; 2. დანაშაულის სიმძიმე და 3. მიმალვის საფრთხე.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ნარკოტიკულ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობა ან გირაოს ოდენობა, სხვა კატეგორიის დანაშაულებთან შედარებით, უფრო მეტად შაბლონური და, ძირითადად, დაუსაბუთებელია.

წარმოდგენილ დიაგრამაზე იხილეთ ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამოყენებული გირაოს სახეები. სტატისტიკა არ შეიცავს სსკ-ის 273-ე და 273-ე პრიმა მუხლებთან მიმართებით გამოყენებული გირაოს სახეებს;

საპროცესო შეთანხმების სხდომებზე გამოყენებული სასჯელები ნარკოტიკული დანაშაულებისთვის

შესწავლილი საქმეებიდან, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულს შეეხებოდა, 153-ზე ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. აქედან 115 პირს ბრალი ედებოდა სსკ-ის 260-267 მუხლებით ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში, ხოლო დანარჩენებს – სსკ-ის 273-ე და 273-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში.

წარმოდგენილ დიაგრამაზე იხილეთ მონაცემები ნარკოტიკული დანაშაულისთვის გამოყენებული სასჯელების შესახებ. ინფორმაცია არ შეიცავს სსკ-ის 273-ე და 273-ე პრიმა მუხლებით შეფარდებული სასჯელის სახეებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, შემცირებულია ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამოყენებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 3850 ლარი შეადგინა, ხოლო სხვა კატეგორიის საქმეებზე – 3201 ლარით განისაზღვრა. შენარჩუნებულია ტენდენცია ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულთათვის უფრო მაღალი ჯარიმების შეფარდებასთან დაკავშირებით.

საქმის არსებითი განხილვის შედეგად შეფარდებული სასჯელები

საიას მონიტორები დაესწრნენ 65 სხდომას, რომლებიც უკავშირდებოდა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას). აქედან განაჩენი დადგა 4 საქმეზე, ყველა შემთხვევაში – გამამტყუნებელი. სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„არსებითი განხილვის დროს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, მაშინ, როდესაც ანალოგიურ დანაშაულში ბრალდებულებს, საპროცესო შეთანხმებისას, ყველა შემთხვევაში არასაპატიმრო სასჯელი, პირობითი მსჯავრი ან პირობით მსჯავრთან ერთად ჯარიმა განესაზღვრათ”, – წერს საია.

სსკ-ის 273-ე და 273-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, საიამ დაამონიტორინგა მხოლოდ ერთი არსებითი განხილვის სხდომა, რომელზეც განაჩენი დადგა. სასამართლომ სასჯელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.