ონკოლოგიური კლინიკა იხურება, თანამშრომლებთან კი მემორანდუმები ფორმდება - რას ჰპირდებიან თანამშრომლებს

პუბლიკა

ონკოლოგიური კლინიკის, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“, თანამშრომლებმა „პუბლიკას“ კლინიკის დახურვაზე ინფორმაცია მიაწოდეს. თანამშრომელთა ინფორმაციით, კლინიკაში დასაქმებულებს ხელმოსაწერად სამი სხვადასხვა შინაარსის მემორანდუმი გადასცეს. ერთი მემორანდუმი სამსახურიდან თანამშრომელთა გაშვების შემდეგ ორთვიანი კონპენსაციის გადახდას ეხება, მეორე – მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზეა, მესამე მემორანდუმით კი კომპანია იღებს თანამშრომლის კლინიკაში აღდგენის ვალდებულებას, მას შემდეგ, რაც კლინიკა ეკონომიკურ საქმიანობას გააგრძელებს.

„პუბლიკა“ გაეცნო სამივე მემორანდუმს, რომელთა ხელმოწერასაც ცენტრის თანამშრომლებისგან მოითხოვენ.

ერთ-ერთი მემორანდუმი გათავისუფლებაზე შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც, ხელმომწერი თავისუფლდება დაკავებული პოზიციიდან და კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასს იღებს.

მეორე დოკუმენტი სახელფასო დავალიანების გასტუმრების გრაფიკს ადგენს. ტექსტის მიხედვით, სახელფასო დავალიანება დაიფარება ორ ეტაპად – 2020 წლის მაისის ჩათვლით წარმოშობილ სახელფასო დავალიანებას ივლისის ბოლომდე დაფარავენ, ხოლო მაისის შემდგომი სახელფასო დავალიანება სრულად დაიფარება 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე.

მესამე მემორანდუმის მიხედვით, ცენტრი ხელმომწერის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მიერ ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთანავე ხელმომწერი  სამედიცინო დაწესებულებაში დაასაქმოს.

ცენტრის თანამშრომლებს პროცესის მიმართ გარკვეული კითხვები აქვთ და ფიქრობენ, რომ ხელმოწერილი დოკუმენტები სამსახურში მათი აღდგენის გარანტია ვერ იქნება. დეტალებზე ღიად საუბარი თანამშრომლებმა „პუბლიკასთან“, მათივე თქმით, ობიექტური მიზეზების გამო არ ისურვეს.

რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიურ კლინიკაში და ვინ იღებს დასაქმებულთან პასუხისმგებლობას, რომ გათავისუფლების შემდეგ, როცა კლინიკა მუშაობას გააგრძელებს, ისევ დაასაქმებს მათ დღეს დაკავებულ თანამდებობებზე? ამ თემაზე „პუბლიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი წოწკოლაურს ესაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, წლების განმავლობაში კლინიკის ინფრასტრუქტურამ განიცადა ამორტიზაცია და როცა მარტში ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა ონკოლოგიური კლინიკა, აქ იყო მძიმე ფინანსური მდგომარეობა. წოწკოლაურის თქმით, კლინიკას დაახლოებით 10 თვის სახელფასო დავალიანება ჰქონდა კომპანიის დასაქმებულებთან.

„ამორტიზებული იყო ინფრასტრუქტურა და პაციენტის ნაკლებობა იყო. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის. აქედან გამომდინარე, კომპანიამ აიღო ვალდებულება, გასცეს სამი ტიპის დაპირება. ერთი – რომ დავალიანება გაისტუმროს, ყველა დასაქმებულს სახელფასო მაჩვენებელი აუნაზღაურდეს. გაიცემა ორთვიანი საკომპენსაციო თანხა. კლინიკა აღჭურვამდე მუშაობას შეაჩერებს და როცა დასრულდება  რეაბილიტაცია/აღჭურვა, ისინი უპირობოდ აღდგებიან იმ პოზიციაზე, რომელზეც იყვნენ“. – ამბობს წოწკოლაური.

წოწკოლაურის თქმით, ონკოლოგიურ კლინიკაში დღეს 225 თანამშრომლის შტატია და 225-ვე თანამშრომელთან ფორმდება მემორანდუმი. მისივე თქმით, თანამშრომელთა დიდ ნაწილთან ის უკვე გაფორმებულია.

შეკითხვაზე – რა ვადებში დასრულდება რეაბილიტაცია/აღჭურვის სამუშაოები და როდიდან გააგრძელებს ოპერირებას კლინიკა? – წოწკოლაურმა გვიპასუხა, რომ ზუსტი დროის თქმა გაუჭირდება.

„ჩვენ დამოკიდებულები ვართ ჩვენს საერთაშორისო დონორებზე და ისინი კიდევ ჩვენ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე. უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები შენობის მდგრადობის საქსპერტო დასკვნის მომზადების მიმართულებით.  როდის დასრულდება, ამაზე ზუსტი პასუხი გაგვიჭირდება.  მაგრამ, რაც მალე დასრულდება, ჩვენთვის უკეთესი იქნება“, – ამბობს წოწკოლაური.

შეკითხვაზე – რა იურიდიული ძალა აქვს დასაქმებულებისთვის შეთავაზებულ მემორანდუმს?– გვიპასუხა:

„კომპანია, რომელიც აქამდე ოპერირებდა და მისი მმართველი, ანუ ჰოლდინგი, იღებს პასუხისმგებლობას  ყველა იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს. პირველი – ეს არის თანხის ჩარიცხვა, მეორე – რეაბილიტაცია და მესამე – მათი აღდგენა სამსახურში. ეს კლინიკა მოცემულ მომენტში ოპერირებდა დაახლოებით 100 საწოლის ფარგლებში და სამომავლოდ 300-400-მდე საწოლზე გათვლილი მულტიპროფილური კლინიკა უნდა იყოს“, – ამბობს წოწკოლაური.

შეკითხვაზე – ვინ იღებს იურიდულ პასუხისმგებლობას ამ ვალდებულებების შესრულებაზე, ლიცენზიის მფლობელი კომპანია თუ ჰოლდინგი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო მართვაში შემავალი რგოლია? – წოწკოლაურმა გვითხრა, რომ იურიდიული პასუხისმგებლობა კომპანიისა, რადგან ლიცენზიების მფლობელი სწორედ ის არის.

„თუმცა ეს კომპანია გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს მხარეს არსებულ ჰოლდინგს. საბოლოო ჯამში მისი მმართველები ვართ ჩვენ და ამას იურიდული პასუხისმგებლობა მოჰყვება. კომპანიას, რომელიც ოპერირებს, აქვს ნებართვა და როცა დასრულდება აღჭურვა, მუშაობა უნდა გააგრძელოს“, – ამბობს წოწკოლაური.

———————————————————

ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა სახელფასო დავალიანებებასთან დაკავშირებული პრობლემა არაერთხელ გააპროტესტა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალმა 2019 წლის 4 ოქტომბერს  ცეტნრის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. ექიმები ამბობდნენ, რომ კლინიკა მათ შვიდი თვის დავალიანებას არ უხდიდა.

როგორ ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში მინისტრმა საქართველოში სამედიცინო ჰოლდინგის შექმნაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდა. ჰოლდინგის მიზანი ჩამოთვლილი საავამყოფოების განვითარებაა.

ონკოლოგიურ კლინიკასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია 25 მაისით არის დათარიღებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, „სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში“  შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. სრულად აღდგება ცენტრი და თანამედროვე სტანდარტებს მოერგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სრულად უზრუნველყოფილი იქნება ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობა და დისპოზიცია სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას.