კულტურის სფეროს წარმომადგენლების დახმარების მიზნით, დაგეგმილია კონცერტები – კალაძე

პუბლიკა

„თბილისის მერია აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროს ხელშეწყობაზე. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტი გავზარდეთ, იმისათვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დავეხმაროთ“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ კულტურის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, დაგეგმილია კონცერტები.

„როგორც ვთქვი, იზრდება კულტურის მიმართულებით ბიუჯეტი, რათა  ხელი შევუწყოთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, დავეხმაროთ ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს.

ვიწყებთ, ასევე, პროექტს – „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც შაშან საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა. 1-2 აგვისტოს ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონის რეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკავლავების მონაწილეობით 2 კონცერტი მოეწყობა; ასევე – გლდანის განახლებულ პარკში, მე-6 მიკრორაიონში, რომელიც გასულ წელს გავხსენით, აქაც 1 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის მერიის „ბიგ-ბენდი“; მუსიკალური საღამოები შემდეგ კვირასაც გაგრძელდება. უკვე მზიურის, კიკვიძისა და გოძიაშვილის პარკებში მოეწყობა ღონისძიებებ. ესტრადის, კულტურის სხვადასხვა წარმომადგენელს მივცემთ კონცერტების გამართვის შესაძლებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად.

„ასევე, ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, რათა ერთად განვახორციელოთ საინტერესო პროექტები და შევინარჩუნოთ ეს მიღწევები, რომელიც ელექტრონული მუსიკის მიმართულებით გვაქვს“, –  თქვა კალაძემ.