BBC Persian-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რეალური რიცხვი თითქმის სამჯერ აღემატება მთავრობის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს.
BBC-ის მიერ მოპოვებულ მთავრობის ჩანაწერებში ჩანს, რომ 20 ივლისამდე თითქმის 42 ათასი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ის სიმპტომებით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ცნობით, ეს რიცხვი 14 405-ს აღწევს. ურთიერთგამომრიცხავია ინფიცირებულთა რაოდენობაც: ჩანაწერების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა 451 024-ია; მთავრობის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით კი – 278 827.
სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ რომ COVID-19-ით გარდაცვალება ირანში პირველად 22 იანვარს დაფიქსირდა, ირანის მთავრობამ კი ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენის შესახებ თებერვალში განაცხადა.
ოფიციალური ცნობებით, კორონავირუსით გამოწვეული დარტყმა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მეტად ირანმა მიიღო. ბოლო კვირების განმავლობაში ირანში საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები.