300 000 ლარის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, ალბათ, განვაახლებთ პაციენტების მიღებას - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოყოფილი 300 ათასი ლარის მიღების შემდეგ კლინიკა, სავარაუდოდ, გააგრძელებს პაციენტების მიღებას.

„გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა დივიდენდების განაწილების სხდომა და გადაწყვეტილება მიღებულია. როდესაც ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილების დასტური, რა თქმა უნდა, ალბათ, განვაახლებთ პაციენტების მიღებას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო.

„ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძით თქმით,  კლინიკამ covid და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ცერცვაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.