„სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა“ - ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. ცერცვაძის განცხადება ცენტრის გვერდზე ვრცელდება.

თენგიზ ცერცვაძე წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ამ წლის თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე და არ გამოიყენა, არის სიცრუე და „თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა“.

„კატეგორიუალდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით?!

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მასმედიისთვის გადაცემულ ა.წ. 12 თებერვლის N01/1721 წერილს, ის სამინისტრომ გაუგზავნა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და არა ჩვენს ცენტრს და ის იყო პასუხი არა ჩვენი ცენტრის, არამედ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N15/66189 წერილზე. ეს მიმოწერა ჩვენთვის ცნობილიც კი არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ის დივიდენდის გამოყენების ნებართვად ვერაფრით ვერ გამოდგებოდა, რადგან ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შეუძლიათ“, – წერს ცერცვაძე.

ის ასევე სიცრუეს უწოდებს ფაქტს, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ.

„მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძის აზრით, ჯანდაცვის სამინისტროს დივიდენდების გარეშეც შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ჩატარება, მაგალითად, სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან ან COVID-19-ის ფონდიდან, ან სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით.

„რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, პროგრამიდან „გაუფრთხილებლად“ გასვლის გამო ცენტრის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ პროგრამიდან კი არ გავდივართ, არამედ იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

თენგიზ ცერცვაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც მიმართავს და მოუწოდებს, თავი შეიკავოს დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საყვედურებისაგან.