ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი სპეცრაზმმა დააკავა – BBC

პუბლიკა

ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი – ოლგა კოვალკოვა და სერგეი დილევსკი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო ადგილობრივ ტელევიზიაზე Belsat-ზე დაყრდნობით წერს.

ოლგა კოვალკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტალანა ტიხანოვსკაიასთან დაახლოებული პირია, ხოლო სერგეი დილევსკი „მინსკის ტრაქტორების ქარხნის“ გაფიცივის კომიტეტის წევრი.

ისინი სპეცრაზმელებმა „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ შესასვლეთან დააკავეს.

კვირას, 23 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი, რომელზეც, სულ მცირე, 100 000 ადამიანი იმყოფებოდა.

„მარში ახალი ბელარუსისთვის“, ასე ერქვა მიტინგს, რომელიც 9 აგვისტოს პრეზიდენტობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ტარდებოდა.


შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით. მათი დიდი ნაწილი უკვე დაკავებულია.

წინა კვირას, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი აქციები გაიმართა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი; დაღუპულია 4 დემონსტრანტი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი აცხადებს, რომ არჩევნებში 60-70%-იანი მხარდაჭერით თავად გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ.