მერიის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება წინასაარჩევნო სამუშაო საათებში აგიტაციის გაწევა - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დამტკიცდა „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებასა და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება.

„განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებასა და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობით ამის ვალდებულება გვაქვს, რომელსაც ვასრულებთ. გამოვცემთ წესებს იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კანონმდებლობით დადგენილი ინსტრუქცია”, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს დაავალა, აღნიშნული დოკუმენტი ყველა თანამშრომელს გააცნონ. კალაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს, რის უფლება აქვს და რის არა.

დედაქალაქის მერმა სხდომაზე აღნიშნული დოკუმენტიდან რამდენიმე მუხლი განმარტა. მისი თქმით, მერიის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, დაიცვან და გაითვალისწინონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები.

„მერიის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება. სამუშაო საათებში ჩვენს თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სხვადასხვა პარტიის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა ან გასწიონ აგიტაცია. არასამუშაო საათებში მათ სრული უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტიების ღონისძიებებში, ისე აგიტაციაში“, – აღნიშნა კალაძემ.

მერის განმარტებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

„წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე მერიის საჯარო მოსამსახურის მიერ აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება-გაკვრა სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე, ანუ ჩვენს თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე სააგიტაციო მასალის გაკვრა სამუშაო საათებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა.

„საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში გაიმართება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა, მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს.