თბილისის ანძის რეაბილიტაციის გეგმარება უკვე ჩავიბარეთ, მიმზიდველი პროექტია - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის ანძის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტენდერში ესტონურმა კომპანიამ გაიმარჯვა და მერიამ პროექტი უკვე ჩაიბარა.

„თბილისის ანძის რეაბილიტაციაზე ჩვენ უკვე გვისაუბრია. ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ დაგვედო კონცეფცია. რისი გაკეთებაა შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება, რეაბილიტაცია. ამ ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკომ“, რომელსაც ასეთ ობიექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ, საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე შესაძლებელი იქნება, განთავსდეს გადმოსახედები, საიდანაც პანორამული ხედები იქნება, ასევე კვების ობიექტები. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება დამატებით მიზიდულობის ცენტრი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მერიაში შექმნილ პროექტის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს აქვს რეკომენდაციები და მათ პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწევთ. კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 10-15 მილიონი დაჯდება.

„ჩვენ გვინდა, გამოვაცხადოთ ინტერესტთა გამოხატვა ამ პროექტზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ ამ პროექტის განხორციელებით. დაახლოებითი გათვლები გვაქვს, 10-დან 15 მილიონ ლარამდე დაჯდება უშუალოდ პროექტის განხორციელება. ვიზუალი, რომელიც წარმოდგენილია ესტონური კომპანიის მხრიდან, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან გავლილია. რა თქმა უნდა,  მათ აქვთ რეკომნდაციები და პატარა ცვლილებები მოგვიწევს, ეს უკვე შემდეგ ეტაპზე, როდესაც უფრო კონკრეტიკაზე გადავალთ. ამ ეტაპზე, როგორც ვთქვი, ვაცხადებთ ტენდერს. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიებთან, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული და გამოხატონ ინტერესი. მე ისიც მესმის, რომ დღეს პანდემიას ებრძვის მთელი მსოფლიო და შეიძლება გარკვეულწილად გაჭირდეს კომპანიების შერჩევა. ანძის სწორად გამოყენება და მისთვის ფუნქციური სტატუსის მინიჭება, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება იმ ბიზნესისთვის, რომელიც ჩაებმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.