„ბილწთ არ შევეკვრით ზავითა“ - ხელს ვაწერთ ქცევის კოდექსს მმართველი პარტიის გარეშე - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანების ფორმატში ხელი მოაწერეს საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, დოკუმენტზე ხელს აწერენ მმართველი გუნდის გარეშე, ვინაიდან მათთან ერთად რამე ვალდებულის აღება არ სურთ.

„ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ ქცევის კოდექსს მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის გახდება ვეგეტარიანელი და არ შეჭამს ხორცს.

ჩვენ დღესაც შევასრულეთ დიდი ვაჟა-ფშაველას დანაბარები: „ბილწთ არ შევეკვრით ზავითა“. არასოდეს ზავით არ შევეკვრებით ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა მოვახსენო აქ წარმოდგენილ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციას, რათა ვერანაირმა ძალამ ვერც ერთ პარტიას და ლიდერს ვერ შეაცვლევინა პოზიცია, რომელსაც ჩვენ მივყვებით. ეს არის გამარჯვებისა და ქვეყნის ხსნის გზა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


დღეს „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, ერთად უზრუნველყონ კოდექსის რეალურად შესრულება.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც იცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ხელმოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს მათთან შეთანხმება შედგა და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება“, – განაცხადა მან.