„ლელოს” მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს, სადაც წინასაარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.
„ლელოს“ ლიდერების თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიის გაძლიერება აშინებს და მიმართავს თვალთვალის, დაშინებისა და შანტაჟის გზებს. ბრიფინგზე მათ ისაუბრეს იმ ავტომობილებზე, რომლებიც, მათი თქმით, „ლელოს“ წევრებს ბოლო დროის განმავლობაში უთვალთვალებენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით – II252HH. ხოლო უშუალოდ მასზე, ბუაძის თქმით, თვალთვალს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით – AA055EE ახორციელებს.
„ხელისუფლების მხრიდან ლელოს საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის ფაქტები და სუს-ის მიერ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების რეგულარული თვალთვალი და დევნა მათი შეხვედრებისას და გადაადგილებისას გახდა ჩვეული მოვლენა. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და ყველა ჩვენს თანამებრძოლს ბოლომდე დავიცავთ ყველა სამართლებრივი გზით!“-აცხადებს საბა ბუაძე.
საბა ბუაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, ლაშა გვასალიას მიერ სოციალური ქსელის საშუალებით პარტიის წევრ ქალ მხარდამჭერებზე სავარაუდო ზეწოლასა და ბულინგსაც შეეხო. ის ამბობს, რომ „ლელოს“ წევრს გვასალია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა.
„აგრეთვე აქტიურად ხორციელდება ზეწოლა კერძო ბიზნესის გამოყენებით ბოლნისის ოლქში, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და თანამებრძოლი, ალახვერდი ფოლადოვი, რომელიც მუშაობდა სოფელ ფარიზში, ვაშლის ბაღში დაცვის თანამშრომლად, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან მისმა დამსაქმებელმა მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა „ლელო” და გადასულიყო „ქართულ ოცნებაში”, წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან“, – განაცხადა ბუაძემ.