ივანიშვილი ელჩებს დაჰპირდა, რომ გერმანულ მოდელს დასთანხმდება, თუ შეესაბამება კონსტიტუციას – ელისაშვილი

პუბლიკა

როგორც „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პუბლიკას უთხრა, ბიძინა ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა .ე.წ. გერმანული მოდელი იყო.

ივანიშვილი ელჩებს 21 ნოემბერს შეხვდა.

„ჩვენი ინფორმაციით, ელჩებთან შეხვედრა იყო ძალიან მკაცრი. ლამის ძიუდო გაიმართა,  მან პირობა დადო, რომ თუ გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა დადგინდება, ის თანახმა იქნება ამაზე“, – გვითხრა ელისაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები გერმანული მოდელის ქართულ რეალობზე მორგებულ ერთ-ერთ ვერსიას ვენეციის კომისიაში დღეს აგზავნიან. „ვნახოთ, იქიდან თუ დასტური მოვიდა, მერე რა არგუმენტი ექნება ღია ძალადობის გარდა, ხოლო ღია ძალადობაზე თუ ვინმემ იცის ადეკვატური პასუხის გაცემა, ეს არის ქართველი ერი“ – ამბობს ელისაშვილი.

გერმანული მოდელის შესახებ დისკუსიაში ჩართვას ადასტურებს ირაკლი კობახიძეც – „კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, დაიწყება შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან და იქ გაიმართება დისკუსია, გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, – თქვა მან.