„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული. დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი, ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სააკაშვილის განცხადებას კოალიციურ მთავრობაზე.
გუშინ, 20 სექტემბერს, სააკაშვილმა „tv პირველის” ეთერში განაცხადა, რომ „ის საერთოდ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას”.
შეკითხვაზე – ხედავთ თუ არა კოალიციური მთავრობის აუცილებლობას? – სააკაშვილი პასურობს:
„მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფო აზროვნების, მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციობის, მე მჯერა ფართო ხედვისა და პატრიოტიზმის. მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების…”, – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს კი მან facebook-ზე დაწერა, რომ „არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილი, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური”.