დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისა და დაზარალებული თამთა თოდაძის საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა.
დაზარალებულის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს. როგორც იურისტმა თამუნა ლუკავამ „პუბლიკას“ უთხრა, სასამართლოში ჯერ კიდევ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის ავტორი, ასევე რამდენიმე კრიმინალისტი, რომლებიც საგამოძიებო ექსპერიმენტში იღებდნენ მონაწილეობას.
დღეს გახდა ცნობილი ასევე ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ. როგორც იურისტი ამბობს, ექსპერტიზის ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და სრულად გაცნობის საშუალება არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ დასკვნით ნაწილში მოცემული ინფორმაცია ბევრ კითხვას აჩენს.
„ექსპერტს შესწავლილი აქვს სრულად საქმე, ჩვენებებიც, ასევე თამთას მიერ მიწოდებული ინფორმაცია. თუმცა, ამის მიუხედავად, დასკვნაში წერია, რომ თამთა თოდაძის მიერ განცდილი მდგომარეობა არ არის მატრამვირებელი მისთვის და არ აღწევს ტრამვის ხაზს. დასკვნაში ექსპერტის მსჯელობა და შემდეგ დასკვნა ერთმანეთისგან განსხვავდება. ექსპერტს უწერია როგორ ტიროდა, განიცდიდა დაზარალებული როცა ამ ფაქტის შესახებ ჰყვებოდა, მაგრამ შემდეგ სხვა რამეს წერს.
მართლა ძალიან საინტერესოა რა გაიდლაინით სარგებლობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ან ექსპერტები, მაშინ როდესაც ადგენენ ტრამვის ხარისხს. რადგან ერთი წელია თამთა დაგვყავს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში“(GCRT), მულტიდისციპლინური ჯგუფი მუშაობს მასთან, ფსქიოთერაპევრეტები/ფსიქოლოგები და ერთი წელია ის გადის თერაპიას. ჩვენ ალბათ ძალიან მალე გვექნება მათგანაც დასკვნა. ამას წარვადგენთ შემდგომ სასამართლოში და დარწმუნებული ვარ აბსოლიტურად განსხვავებული იქნება ეს დასკვნები ერთმანეთისგან, “- ამბობს თამუნა ლუკავა.
იურისტი ჰყვება, რომ სამხარაული ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების დროს მხოლოდ 10 წუთით ხვდება ფსიქოლოგი მსხვერპლს.
„10 წუთში როგორ შეიძლება მიიღოს ფსიქოლოგმა სრულად ის ინფორმაცია, რაც დასკვნის მომზადებისთვისაა საჭირო. მაშინ როდესაც ერთი წელია დადის თერაპიაზე თამთა. ამდენი დრო და დაკვირვების პერიოდია საჭირო, ამის შემდგომ მზადდება GCRT-ში მსგავსი შეფასება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენ მიერ წარდგენილ დასკვნას. იმედია, მტკიცებულებების გამოკვლევის და შემდგომ შეფასების ეტაპზე მხედველობაში მიიღებს სასამართლო იმ ფაქტს, რომ უფრო დიდი ხანი მსხვერპლთან მუშაობდა ის ფსიქოლოგი, რომელიც დაწერს, სავარაუდოდ, განსხვავებულ შეფასებას, “- ამბობს თამუნა ლუკავა.
დაზარალებული თამთა თოდაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 2019 წლის 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.
პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 2019 წლის 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).
სისხლის სამართლის 138 მუხლის მე-ნაწილის ბ ქვეპუნქტი გულისხმობს, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე.
ხოლო სისიხლის სამართლის 126-ე მუხლის 1 ნაწილი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. დანაშაული ისჯება 4-დან 6 წლამდე. ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 2019 წლის 11 ოქტომბერს შეეფარდა.