შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, ეს დააზიანებს დაგეგმილ არჩევნებს - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება და მსგავსი ქმედებები დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს, რომ დაგეგმილი არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი.

„გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. კარგია, რომ საქართველოში იმყოფებიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და შესაბამისად, აკეთებენ ანალიზს. ასევე, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას ,“ – განაცხადა დეგნანმა.

როგორც ელჩი ამბობს, მისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ჩაატარა და გაირკვა, რომ ამ შემთხვევებში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობნენ.

„შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავოს ასეთი ტიპის ქმედებისგან და ხელი შეუწყოს სამართლიანი და კარგი არჩევნების ჩატარებას. გთხოვთ, რომ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის გააკეთოთ, “- აცხადებს კელი დეგნანი.