„ლელოს“ წევრმა და მთაწმინდაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ იმ წევრებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, კერძო მევახშეობით არიან დაკავებულები. მან ჩამოთვალა „ოცნების“ ოთხი წევრი:
„პირველი არის ჩემი კონკურენტი მთაწმინდა-კრწანისის ოლქში, ბექა ოდიშარია, რომელიც, მისივე დეკლარაციის მიხედვით, დაკავებულია ფულის კერძოდ გასესხებით. ბექა ოდიშარიას 170 ათასი დოლარი ჰქონდა გასესხებული, საიდანაც 23 ათას დოლარამდე შემოსავალი მიიღო.
ასევე, ეს არის ისკო დასენი, რომელიც, ფაქტობრივად, გადაიქცა საქართველოში მევახშეობის სახედ. ის ფლობს, ერთ-ერთ უმსხვილეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც ათეულობით ქართულო ოჯახი გააუბედურა და ამ კომპანიამ შემოსავლის სახით გასულ წელს მიიღო 10 მილიონ ლარზე მეტი. ისკო დასენი არის ადამიანი, რომელმაც 120 ათასზე მეტი შესწირა „ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატ ზურბაიშვილს – 5 ათასი ლარი.
შემდეგი „ქართული ოცნების“ მევახშეთა რიგებში არის ბატონი ილია წულაია, რომელსაც 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9,6 მილიონი დოლარი. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ისანში, სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი დევნილი ოჯახი გამოასახლა, იმისთვის, რომ აეშენებინა მრავალსართულიანი კორპუსები, მიეღო შემოსავალი და ამ შემოსავლით „ქართული ოცნება დაეფინანსებინა“. წულაიამ 170 ათას ლარზე მეტი შესწირა „ქართულ ოცნებას“.
ბოლოს, ეს არის დავით სონღულაშვილი, რომელსაც გასესხებული აქვს, მისივე დეკლარაციის თანახმად, 610 ათას ევროზე მეტი და საპროცენტო სარგებლის სახით 40 ათას ლარამდე აქვს მიღებული.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ სახეს, აფინანსებენ პარტიას და საქართველოში ხელს უწყობენ კერძო მევახშეობას.
კერძო მევახშეობისა და მიკროსაფინანსო ბიზნესმოცულობამ გასულ წელს შეადგინა 380 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც მფარველობს მევახშეობას, ეს არის ხელისუფლება, რომელიც არაფერს არ აკეთებს კერძო მევახშეობის წინააღმდეგ და მეტიც, მამუკა ბახტაძემ, ძალიან მავნებლური ინიციატივის სახით, აი, ეს მევახშეობა, რომელიც ზედაპირზე არის, გადაიტანა იატაკქვეშეთში და დააკანონა ამ ადამიანებისთვის ნასყიდობით და გამოსყიდვის უფლებით ბინის გადაცემა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ახლა უკვე ამ მევახშეებს საპროცენტო სარგებლის და თანხის სანაცვლოდ უფორმებენ ბინებს და ეს ბინები გადადის მევახშეების საკუთრებაში“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
საბა ბუაძემ განაცხადა, რომ მევახშეების პირდაპირი მფარველი არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, ბუაძის თქმით, მილიონი სესხად მისცა სალომე ზურაბიშვილს, „რომელიც სისტემატურად სესხის სახით გასცემს თანხას პარტია „ქართულ ოცნებაზე“, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით და დაკავებულია პოლიტიკური მევახშეობით“.
ბუაძის თქმით, მევახშეობის პრობლემის წინაშე დღეს საქართველოში 650 ათასზე მეტი ადამიანი დგას.
დღის ბოლოს, „ლელოს” წევრის ბრალდებებს უპასუხეს „ქართული ოცნების” წევრებმა. მათი თქმით, ბუაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ილია წულაიამ მას მატყუარა და ნაძირალა უწოდა.
გასულ კვირას პარტია „ლელოსა“ და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ „ქართულმა მარშმა“ პარტიის ოფისთან აქცია გამართა, ხოლო ლადო სადღობელაშვილმა მის ბიზნესსაქმიანობაზე ბრიფინგზე ისაუბრა.
„ქართული მარშიცა“ და ლადო სადღობელაშვილიც აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე არის მევახშე და იმ დროს, როდესაც „თიბისი ბანკის“ საქმიანობაში იყო ჩართული, უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
ამ პროტესტის საპასუხოდ, პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ ეს გამოსვლები „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის გაგრძელებაა.
„ეს არის ქართული ოცნების სამარცხვინო ქვედანაყოფი“, – თქვა ბუაძემ „მარშის შესახებ“.