ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანულაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მათ ქვები დაუშინეს.
„გლდანულაში, მე-8 კორპუსის მიმდებარედ გვქონდა შეხვედრა, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ვიდექი ფანჩატურში, ვესაუბრებოდი 4 ქალბატონს. თავიდან ვერ მივხვდი, სიმართლე გითხრათ, მაგრამ როდესაც 4-5 ნივთი დაეცა, ერთი ლამპიონსაც მოხვდა, დავინახე ქვები. ქვები გვესროლეს. ვეჭვობთ, რომ კორპუსის სახურავიდან ისროლეს 5 ქვა.
ვინმეს რომ ეს ქვა მოხვედროდა, ფატალურად დასრულდებოდა, სულს დავლევდით აქ, ტვინს დავანთხევდით ქვაფენილზე. კაი, მე მესროლეს დამიზნებით, მაგრამ რომელი სნაიპერი ის იყო, მაინცდამაინც ჩემს ხოტორა თავს გაარტყამდა და სხვას არ მოხვდებოდა?!“ – აცხადებს ნიკა მელია.
ნიკა მელია ამ ინციდენტს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება იმას, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი გლდანის ოლქში არჩევნებს იგებს.
„ესაუბრები მოსახლეობას და ამ დროს „ქართული ოცნება“ ვიღაცას ავალებს, რომ ან სახურავიდან ან რომელიღაც მაღალი სართულიდან, ქვა ესროლოს კონკურენტს დამიზნებით…. ბავშვს რომ მოხვედროდა, ქალბატონს რომ მოხვედროდა, ბებიას რომ მოხვედროდა?! მერე სად მიდიოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? არ გაქვთ გააზრდებული, რა ტრაგედიას ავცდით და გადავრჩით. ხელისუფლება, რომელიც ამაზე მიდის, მას სალაპარაკო და სათქმელი არ აქვს არც ოპონენტთან, არც მოსახლეობასთან“, – ამბობს ნიკა მელია.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
საკითხს გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან.
„გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება”, – წერს თამარ ჟვანია facebook-ზე.