ენმ წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიებში მონაწილეობას - უდუმაშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით.

ბუნებრივია, ყველა ხვდება, როგორი ისტორიული არჩევნის წინაშე ვდგევართ – ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმებით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია.

ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის. მოსახლეობის დაკვეთაა, ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის განვითარებაზე.

არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

ჩვენ შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს ჩვენი პროგრამებით და არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დიაკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია, იმისთვის, რომ ივანიშვილი გავისტუმროთ 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „მთავარ აქცენტებში“.