საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრიფინგზე მას მოიწოდა „ოცნების” მხარდამჭერებსა და აქტივისტებს, არ წამოეგონ პროვოკაციებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოელიან, რომ თითოეული ფაქტი გულდასმით იქნება შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება
„რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებაში გამოიხატებოდა.
მაგალითისთვის, გუშინ, ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, ,,ქართული ოცნების“ და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს, შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და კონფლიქტი უკვე ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული.
ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები.
ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულები არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ…
ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ.
გვესმის, რომ ძალიან რთულია მოითმინო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, მსგავსი მასშტაბური პროვოკაციები და ძალადობის მცდელობები, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს”, – განაცხადა მდინარაძემ.
„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის თქმით კი, 50-მდე პირი, რომელთაც თან ახლდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა – გოჩა მეშველიანი, თავს დაესხა ოპოზიციის აქტივისტს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.