მარნეულის გზატკეცილზე „ქართული ოცნების" წევრის დაზიანებისთვის 3 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 3 პირი, რომლებსაც ბრალად „ქართული ოცნების” წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – წერს შსს.

უწყება აღნიშნავს, რომ დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.