ამომრჩევლის მოსყიდვა, მუქარა და ძალადობრივი ქმედებები საიას მეორე შუალედური ანგარიშში

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

საიას ცნობით, დამკვირვებლებმა გამოავლინეს:

სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა (მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გაზრდის პროექტის იმპლემენტაციაში, რომელსაც მსოფლიო ბანკი 40 მლნ$-ით დააფინანსებს, „ქართუ“ მილიონობით ლარს ხაჯავს. საიას შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მსხვილი პროექტების პერსონიფიცირება მანიპულაციური სტრატეგიის ნაწილია.);

ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა (ფარმაცევტულმა კომპანია პსპ-მ, რომლის 95%-იანი წილის მფლობელი კახა ოქრიაშვილია, გაავრცელა რეკლამა, რომ ძვირადღირებული მედიკამენტების თურქეთიდან იმპორტს ფასნამატის გარეშე უზრუნველყოფს. საიას განცხადებით, პარტიას ეკრძალება სხვა პირის მეშვეობით, არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანად საქონლის მიყიდვა);

მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა (ანგარიშის ამ თავში საუბარია „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშნებელის“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ, ასევე მოხსენიებულია ბოლნისისა და მარნეულის დაპირისპირება და ნიკა მელიას საარჩევნო შეკრების დროს ქვების სროლის ფაქტი.);

პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა (ამ თავში საუბარია „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის შესახებ; „ერთიანი სქართველო დემოკრატიული მოძრაობისთვის“ წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვაზე ქარელის მუნიციპალიტეტის უკანონო უარის შესახებ; ასევე მუნიციპალიტეტების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა;) .

საიას შეფასებით, კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონოფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც, მათი შეფასებით, საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს. ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც, ორგანიზაციის შეფასებით, თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია.

ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე მუნიციპალიტეტების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე.

ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას