საქართველოში ბოლო დროს ძალიან პოპულარული თემაა სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთთან დაკავშირება. ნებისმიერი, თუნდაც არაფრისმთქმელი სპორტული დაპირისპირება ხშირად პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გამხდარა. ხოლო მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი ცნობილი სპორტსმენის – კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძისა და მორაგბე დავით კაჭარავას გამოჩენა კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ გრძელდება ცნობილი სპორტსმენების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების არცთუ მოსაწონი ტრადიცია.
პარტია „ქართული ოცნება“ ამ კუთხით ნამდვილი „ჩემპიონია“. „ოცნების“ რიგებში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ და არიან: ფეხბურთელები: კახა კალაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი და სხვა… პარლამენტის სავარძელს ამშვენებდნენ მოჭიდავე ელდარ კურტანიძე და ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური. ყოფილ სახელისუფლებო პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მანამდე პარლამენტში ძალოსანი გიორგი ასანიძე და მოჭიდავე კედელაშვილი ყავდა შეყვანილი. საკრებულოში კი ასევე „ნაციონალების“ სიით, ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე იყო წარმოდგენილი.
ამ ხერხს ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირიც“ იყენებდა და ყველას კარგად გვახსოვს მოკრივე გიორგი კანდელაკის მიერ პარლამენტში ატეხილი ჩხუბები. ერთი სიტყვით, საქართველოში სპორტი დიდი ხანია პოლიტიკასთანაა გადაფსკვნილი და საწინააღმდეგოდ რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ფაქტია, რომ პარლამენტსა თუ დედაქალაქის საკრებულოში სპორტსმენების რიცხვი არათუ იკლებს, პირიქით – ყოველი ახალი არჩევნების შემდეგ იმატებს.
როგორც მსოფლიოს საუკუნეების მანძილზე არსებული გამოცდილება გვაჩვენებს, სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთი არაერთხელ გადაუკვეთავს, თან სწორედ ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკურ პრობლემებისგან თავის დაღწევას ხალხი სპორტისადმი უსაზღვრო ინტერესითა და სიყვარულით ცდილობს.
სპორტისა და პოლიტიკის გადაკვეთის შესახებ რამდენიმე საინტერესო ისტორია არსებობს. ალბათ საინტერესოა ეს მართლაც უცნაური და ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბები, რომელთა შესახებ უამრავი ლეგენდა და დოკუმენტური მასალა არსებობს.
ფიდელ კასტროს ოქროს მედალი
ცნობილი კუბელი მოკრივე თეოფილო სტივენსონი უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო, როდესაც შემთხვევით ავარიაში მოჰყვა. კუბის სპორტის სამინისტრომ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე მისი ახალბედა მოკრივე ვალტერ კუნიალით ჩანაცვლების საკითხი დააყენა. მაგრამ ქვეყნის მეთაურის ფიდელ კასტროს მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეიქმნა. ფიდელმა თეოფილოს, პრობლემის მიუხედავად, კატეგორიულად მოსთხოვა რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ოლიმპიადაზე მონაწილეობა მაინც მიეღო.
კასტროს ასეთი უგუნური დაჟინება იმ პერიოდის მსოფლიოს სპორტული პრესის შაყირის საბაბი გახდა. ცნობილი სპორტული გამოცემები ქილიკობდნენ „კუბის დიქტატორი სულ გაგიჟდა, ცალფეხებით აპირებს ოლიმპიადის მოგებასო”, მაგრამ კასტროს მათთვის ყური არ დაუგდია და ლამის ძალის-ძალად გააგზავნა ნაავარიევი სტივენსონი ოლიმპიადაზე. მოკრივე ქვეყნის მეთაურს უარს ნამდვილად ვერ გაუბედავდა.
ოლიმპიადაზე კი სასწაული მოხდა. თეოფილო სტივენსონმა მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება და ამან ფიდელ კასტროს რეიტინგი კი უფრო გაიზარდა კუბელ ხალხში. ხალხი აღტაცებული დარჩა დიქტატორის ამ საქციელით და კასტრომ სავარაუდო კრიტიკის ნაცვლად დიდი სიყვარული მოიპოვა. რაც შეეხება თავად მოკრივეს, იგი როგორც იტყვიან “დიდი პოლიტიკის მსხვერპლი“ გახდა, რადგან ეს ოლიმპიადა მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა – ტრავმა გაუმიზეზდა და რინგს საბოლოოდ ჩამოშორდა.
ერთთვიანი მერობის ამბავი
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო პირველი ჩემპიონატის ბომბარდირი გილერმო სტაბილე ცხოვრებაში თავისი დინჯი ხასიათით გამოირჩეოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც ბუენოს-აირესის მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და თავისი მრავალრიცხოვანი ფანების ხმებით გამარჯვებაც მოახერხა. დიდი გილერმო პოლიტიკაში! ეს წარმოუდგენელი რამ იყო და ხალხი მისგან ისეთ წარმატებულ მერობას ელოდა, როგორი წარმატებულიც საფეხბურთო მოედანზე იყო. მაგრამ სპორტი და პოლიტიკა, ხშირად რომ სხვადასხვა რამეა, ეს გილერმო სტაბილეს მერობითაც დამტკიცდა.
არგენტინის მთავრობის მიერ ბუენოს-აირესის ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებს სტაბილე ფეხბურთზე, ფეხბურთზე და მხოლოდ ფეხბურთზე ხარჯავდა! მისი სულ რაღაც ორთთვიანი მერობისას დედაქალაქში რამდენიმე საფეხბურთო მოედანი აშენდა და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს მანამადე წარმოუდგენლად კარგი პირობები შეექმნა. მაგრამ მთავარი მარტო სპორტი როდია, მით უმეტეს ისეთ ღარიბ სახელმწიფოში, როგორიც არგენტინა იყო 30-იან წლებში.
გილორმო სტაბილეს, ფეხბურთის გარდა, ყველა სხვა სფერო უყურადღებოდ დარჩა და რა გასაკვირია, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ხალხმა თავიანთ სათაყვანებლ მერს უნდობლობა გამოუცხადა, რაც პრეზიდენტმაც მიიღო მხედველობაში და სტაბილეს პოსტი დაატოვებინა. დღეს ბუენოს-აირესის უამრავი სტადიონიდან 5 მათგანს სტაბილეს სახელი ჰქვია, რაც ამ ქალაქელებს კიდევ ერთხელ ახსენებთ ლეგენდარულ ფეხბურთელს.
გამარჯვებისთვის დასჯილი
კოლუმბიაში რომ ათეული წლების მანძილზე ნარკომაფია მძინვარებს, ყველამ იცის. ნარკომაფიასთან დაპირისპირებას ამ ქვეყანაში არაერთი ცნობილი სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა რომელთა შორის ცნობილი ფეხბურთელი ესკობარიც იყო.
თუმცა ისეთი სპორტსმენებიც მოიძებნებოდნენ, რომლებმაც სასწაულებრივად დააღწიეს თავი მოსალოდნელ საფრთხეს. ერთ-ერთი ასეთი იღბლიანი სპორტსმენი აღმოჩნდა, კოლუმბიური საფეხბურთო გუნდის „რასინგის“ერთ-ერთი მწვრთნელი მანუელ ვარგასი. ვარგასის გუნდი ლიბერტადორესის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ურუგვაის „ნასიონალს” დაუპირისპირდა.
როგორც ჩანს, ურუგვაის მაფიოზურ კლანებს ერთგვარი გარიგება ჰქონდათ კოლუმბიელ მაფიოზებთან და მათი შეთანხმების თანახმად კოლუმბიაში გასამართ „რასინგი“-„ნაციონალის” მატჩში ურუგვაელებს უნდა გაემარჯვათ. მანუელ ვარგასი, რა თქმა უნდა, წინასწარ გააფრთხილეს, რომ მის გუნდს აუცილებლად უნდა წაეგო, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი პრობლემები შეექმნებოდა. ეს „პრობლემები” რა იქნებოდა თუ არა სასიკვდილო განაჩენი?!
როგორც გაირკვა მანუელ ვარგასმა მაფიისადმი მორჩილებას სპორტული პატიოსნება ამჯობინა და მისმა გუნდმა ეს შეხვედრა დიდი ანგარიშით – 3:0 მოიგო. კოლუმბიელი მწვრთნელი არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა მაფიის განაჩენს დალოდებოდა. თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე სტადიონიდან გაიპარა და არგენტინაში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ვარგასზე ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა კოლუმბიის მთავრობამ, რაც ადასტურებს, რომ ამ ამბავში ხელისუფლებიდანაც იყო ხალხი გარეული. საინტერესოა, რომ დაეჭირა, რა მუხლით გაასამართლებდა ვარგასს კოლუმბიის მთავრობა?
ჟორჟ ვეა – პირველი ფეხბურთელი პრეზიდენტი
მას შემდეგ, რაც 2017 წელს აფრიკული სახელმწიფოს – ლიბერიის პრეზიდენტი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ჟორჟ ვეა გახდა. ამ ქვეყნისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში გაიზარდა. ლიბერია არასოდეს ყოფილა რაიმეთი გამორჩეული სახელმწიფო, არც ბუნებრივი რესურსები გააჩნია და არც რაიმე განსაკუთრებული მდებარეობა. ერთი ჩვეულებრივი უდაბნოში გაშენებული აფრიკის ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ რაც ჟორჟ ვეა პრეზიდენტი გახდა. და თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, ლიბერიაში ჩამსვლელი ტურისტების რიცხვმა 3-ჯერ, ინვესტიციების სახით ჩადებულმა ფინანსებმა კი 2-ჯერ მოიმატა. სპორტისა და პოლიტიკის გადაკვეთის ყველაზე ნათელ მაგალითად სწორედ ვეა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც სულ სამი წელია გაპრეზიდენტდა და მხოლოდ თავის საფეხბურთო ავტორიტეტით, ამდენი რამ მოახერხა.
ძნელი სათქმელია ყოფილი ფეხბურთელი რამდენად შეძლებს ქვეყნის მართვას და ურთულეს საკითხებში ბოლომდე გარკვევას, მაგრამ ფაქტია, რომ სპორტსმენი და კონკრეტულად ფეხბურთელი ასე მაღალ პოლიტიკურ სიმაღლეზე აქამდე არასდროს ასულა. გუბერნატორები, მერები, პრეფექტები და პოლიციის უფოსები ყოფილი სპორტსმენები ხშირად ხდებოდნენ და ახლაც ხდებიან, მაგრამ ვეა პირველია ვინც ქვეყნის მეორე პირი გახდა. სხვათა შორის, ჟორჟ ვეა კახა კალაძის მსგავსად იტალიურ „მილანში“ თამაშობდა და ამ კლუბის ერთ-ერთ ლეგენდადაც ითვლება.