საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური სუბიექტების სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და კორონავირუსის პრევენციის რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც, რიგ შემთხვევებში, არასათანადოდ იცავს დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.
მართალია, კანონით კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ეხება და არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული რეგულაცია და საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვასთან ერთად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს, დავდგეთ ადამიანების ჯანმრთლობისა და ქვეყნის ეკონომიკის, მისი შეუფერხებელი განვითარების სადარაჯოზე და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები.
გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, როგორც გამოვიჩინეთ მყისიერი რეაგირება და რეაქცია ბატონ ამირანის განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ზოგადად საზოგადოებას მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი საიმისოდ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გავერთიანდეთ და მოწოდება იყოს საერთო, რომ ამით გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ მათ წინასაარჩევნო კამპანიები ღია სივრცეში გამართონ, სადაც უნდა გამოიყენონ პირბადე როგორ მათ, ასევე მოსახლეობამ.