„ქართული ოცნება" რეალური პრობლემებიდან ცდილობს ყურადღების გადატანას - ევროპარლამენტარი გარეჯის საქმეზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების დაკავების ფაქტს ტვიტერში ეხმაურება და წერს, რომ „ქართული ოცნება” ამ საკითხით რეალური პრობლემებიდან ცდილობს ყურადღების გადატანას.

„საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა ორი საჯარო მოხელე „აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემისთვის“. შენიშვნა: გამოძიება ეხება 2007 წლის პერიოდს. სასაცილოა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან – პანდემიის მიმართ სუსტი რეაგირება და ეკონომიკის შეჩერება – გადაიტანოს ყურადღება“, – წერს კუბილიუსი.

 


დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.