ბოლნისში, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი გატეხეს, – შტაბის თანამშრომლები ამბობენ, რომ წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები ინახებოდა.
„გატეხილი იყო უკანა კარები, სადაც დამონტაჟრებულია კარგი ხილვადობის ვიდეოკამერები. წაღებულია ორი სამუშაო ლეპტოპი, სადაც ყველა ინფორმაცია გვაქვს არჩევნების შესახებ – ჩვენი სიები, ყველაფერი შიგნით არის. გატეხილია კარადები, სადაც საქაღალდეები არეულია. გამოტეხილია უჯრები“, – ამბობს კახა ოქრიაშვილის შტაბის უფროსი, ლალი ციხელაშვილი.
შტაბის კიდევ ერთი წევრის, ნოდარ ინაძის შეფასებით, წინა დარბევების შედეგად რომ არავინ დასჯილა და გამოძიებას არაფერი შედეგი მოჰყოლია, ამის გამო გატეხეს ოფისი:
„ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად ხელისუფლებამ უნდა აიღოს და პოლიციამ დროულად გამოიძიოს, ვინაიდან ეს უკვე სისტემურ ხასიათს იღებს – მეორე დარბევაა უკვე ოფისის“, – ამბობს ნოდარ ინაძე.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.