ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები | პოლიტიკური შემოწირულობები და სამეწარმეო საქმიანობა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI)  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ მასალას აქვეყნებს.

  • „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“,

  • „სტრატეგია აღმაშენებელი“,

  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,

  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“,

  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“,

  • „ლელო საქართველოსთვის“,

  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ –

ეს ის პარტიებია, რომელთა კანდიდატებმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში 1%-ზე მეტი რეიტინგი აჩვენეს.

TI-მ შეისწავლა მაჟორიტარი კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

„ევროპული საქართველო“

პარტიის მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები ჯამში დაკავშირებულნი არიან 15 კომპანიასთან.

  • პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.
  • 16-მა  კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2017-2020 წლებში „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 466,818 ლარი შესწირეს. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) – 147,900 ლარი. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე – 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.
  • 14 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) წარსულში სხვა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველიც იყო. მაგალითად, 12 კანდიდატს 224,132 ლარი აქვს შეწირული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
  • 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798,222 ლარი აქვთ მიღებული.  ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა თავისი ბიზნესკავშირები.
  • მხოლოდ 1 კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.

გიგა ბოკერია თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი 4 კომპანიაში ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას.

ორგანიზაციის ცნობით, გიგა ბოკერიამ ბოლო დეკლარაცია 2019 წლის 30 დეკემბერს შეავსო, სადაც მან არ მიუთითა თავისი მეუღლის წილები ორ კომპანიაში: შპს „Tabula Advertising“ და შპს „ტაბულა მედია“, რაც, მათი შეფასებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

გიგა ბოკერიამ, მისმა მეუღლემ და მეუღლის ბიზნესპარტნიორებმა პარტიას „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 134,705 ლარი შესწირეს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“

„სტრატეგია აღმაშენებელს“ დასახელებული ჰყავს ორი მაჟორიტარი კანდიდატი. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან და საკუთარ პარტიას ჯამში 194,500 ლარი შესწირეს (ოჯახის წევრების შემოწირულობების ჩათვლით).

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავა არის შპს „ფიჩისა“ და შპს „ნარას“ დირექტორი და ფლობს ამ კომპანიების 50% და 45%-ს.

გაერთიანების მეორე ლიდერი თამარ ჩარკვიანი არის შპს „მორკინალი-1-ის“ დირექტორი და შპს „ქართული სიტყვა, ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი 29 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (1-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები ჯამში დაკავშირებულნი არიან 24 კომპანიასთან (აქედან 5 ინდივიდუალური მეწარმეა).
  • 9 კანდიდატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ჯამში 362,530 ლარი შესწირა. ამ თანხის უმეტესობა (287,000 ლარი) პარტიას 5-მა კანდიდატმა შესწირა დროის მოკლე შუალედში: 2020 წლის 4-21 სექტემბერს.
  • 3 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან  2013-2020 წლებში 67,172 ლარი მიიღეს.  ეს კანდიდატები არიან: სოსლან გარსევანიშვილი, არჩილ ბენიძე და ერეკლე საღლიანი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა.
  • 11 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.  ეს კანდიდატები არიან: არტაშეს ჰაკობიანი, გიორგი კასრაძე, გურამ ნიკოლეიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ელიზბარ (ელიბო) პატურაშვილი, თეიმურაზ ფაჩულია, იოსებ პარწიკანაშვილი, მალხაზ თოფურია, მახირ იუსუბოვი, მერაბ ჭიქაშვილი, ნონა ასათიანი.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ირმა ინაშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და ფლობს შპს „მედიასახლი ობიექტივის“ 28.5%-ს და შპს „კომპანია ეკონომ X-ის“ 50%-ს. მას პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ 2020 წლის დეკლარაციაში აღნიშნული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა ამ წილების მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაა.

„ლეიბორისტული პარტია“

  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი 10 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 3 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან.
  • 7-მა  კანდიდატმა 2014-2020 წლებში „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ ჯამში 41,845 ლარი შესწირეს.
  • 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“

პოლიტიკურ პარტიას „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ მაჟორიტარი დეპუტატობის 8 კანდიდატი ჰყავს დასახელებული. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის 6 კანდიდატი: ალექსანდრე ელისაშვილი (საბურთალო), გენრი დოლიძე (ბათუმი), ინდიკო ბერძენაძე (სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი), ოთო ქერქაძე (ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური), დავით გიორგაძე (ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი) და გიორგი გაბაიძე (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).

დანარჩენი ორი კანდიდატი დაკავშირებულია სულ 4 კომპანიასთან და საკუთარი პარტიისთვის შეწირული აქვს 40,000 ლარი.

„ლელო“

  • პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი 28 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ეს 14 კანდიდატი ჯამში დაკავშირებულია 73 კომპანიასთან.
  • 6-მა  კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2019-2020 წლებში „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ჯამში 419,950 ლარი შესწირეს. ყველაზე მსხვილი შემოწირულობა  გაიღო პერსონალურად საბა ბუაძემ – 60,000 ლარი. პირადი შემოწირულობა არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ლელოს“ 311,000 ლარი შესწირეს. დანარჩენი შემომწირველები არიან: ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაზე, მალხაზ ვახტანგაშვილი და გიგლა მიქაუტაძე.
  • 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით 1,156,881 ლარის საბიუჯეტო თანხები და 3,033,996 ლარის საერთაშორისო დონორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: ლევან კობერიძე, ბადრი ჯაფარიძე, სოსო ლიპარტელიანი, ირაკლი ტალახაძე, თორნიკე ართქმელაძე, კახა კოჟორიძე და ანა ბიბილაშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები.
  • 10 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა: ჯამბულ ხოზრევანიძე, გიორგი ჭელიძე, თამარ ბელქანია, გიორგი ბარამია, ეკა ქვლივიძე, მურად მურადოვი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი და ანი მიროტაძე.

ბადრი ჯაფარიძე აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ის მთლიანობაში დაკავშირებულია 36 კომპანიასთან, რომლებმაც 2015-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 186,314 ლარი საბიუჯეტო თანხები მიიღეს და 3,033,996 ლარი საერთაშორისო დონორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება.

ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით ბოლო დეკლარაცია 2020 წლის იანვარში შეავსო, სადაც მან არ ახსენა შპს „ბისიბი“, რომლის 10%-საც შპს „branding.ge“ ფლობს, რაც ეწინააღმდეგება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა 2016 წელს პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 55,000 ლარი შესწირა. 2012-2017 წლებში შპს „branding.ge-მ“ სახელმწიფოსგან 30,503 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

საბა ბუაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2019 წელს „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ 30,000 ლარი შესწირა, 2020 წელს კი უკვე პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ – 30,000 ლარი.

„გირჩი“

პოლიტიკურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სულ 6 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, საიდანაც ორი კანდიდატი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში: ბორის (ჩელე) ყურუა და ნიკა მოსიაშვილი.

დანარჩენი 4 კანდიდატი:

  • დაკავშირებულია 8 კომპანიასთან;
  • პოლიტიკური შემოწირულობის სახით საკუთარი პარტიისთვის გაღებული აქვს 182,051 ლარი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არის შპს „შმაქსის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი. ასევე ის ფლობს შპს „ჟურნალი მედიატორის“ 15%-ს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 2016 წელს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – „გირჩს“ 5,000 ლარი შესწირა, 2015 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 2,000 ლარი.

იაგო ხვიჩია არის შპს „მანა ლეგალ კონსალტინგის“ დირექტორი და 20%-ის მფლობელი. ასევე ის ფლობს შპს „თბილისი ლიგალ კონსალტინგის“ 50%-ს და არის ამ კომპანიის დირექტორი. იაგო ხვიჩიამ 2016-2017 წლებში „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“ 29,650 ლარი შესწირა. გარდა ამისა, იაგო ხვიჩიას ბიზნესპარტნიორმა, შპს „თბილისი ლიგალ კონსალტინგის“ 25%-ის მფლობელმა იმედო არჯევანიძემ 2016 წელს 2,000 ლარი შესწირა „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ მასალას სრულად გაეცანით ბმულზე.