“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძის თქმით, გუშინ ღამით მის ოფისში უცხო პირი უკანონოდ შეიჭრა და სავარაუდოდ, მის კაბინეტში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას გეგმავდა.
„წუხელ, ღამის 03:15 საათზე, როდესაც რამდენიმე წუთით ადრე სამუშაო შტაბი დავტოვეთ, რომელიც ქეთევან დედოფლის №13-ში მდებარეობს, შუქი ჩაქრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ შტაბში ჩვენი წასვლის შემდეგ დარჩა რამდენიმე ახალგაზრდა, ვინც დღევანდელ ღონისძიებას გეგმავდა, რომელიც 17:00 საათზეა დაგეგმილი.
შუქის ჩაქრობის შემდეგ, ბავშვებმა გაიგეს სიარულის ხმა, რომელიც ჩამოდიოდა უშუალოდ ჩემი ოთახიდან. ჩვენი შტაბი არის სამსართულიანი შენობა და ჩემი ოთახი მდებარეობს ბოლო სართულზე, ამ წყვდიადში, სპეციალურად გამორთულ ელექტროენერგიის ფონზე, გაიგეს ნაბიჯების ხმა. როდესაც ახალგაზრდები ავარდნენ მესამე სართულზე, ეს ადამიანი გადაძვრა ფანჯრიდან და შემდეგ სახურავზე გაუჩინარდა.
ნაფეხურებია ჩემს ოთახში, ნაფეხურებია ასევე სახურავზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სპეციალურად გამორთეს ელექტროენერგია იმისთვის, რომ ჩემს სამუშაო ოფისში შემოეღწიათ. გვებადება ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გონივრული ეჭვი, რომ სამართალდამცავების, სუს-ის მიერ სურდათ გადმოსულიყვნენ, დაემონტაჟებინათ სპეციალური აპარატურა, ვინაიდან, სურთ გაიგონ, რაზე ვსაუბრობთ ჩემს ოთახში. ჩვენ მივმართეთ შსს-ს, მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ სამწუხაროდ, გვითხრეს, რომ ვერავითარი კვალი, მათ შორის კინოლოგებმა ვერ აიღეს. ფაქტია, ეს იყო ჩვენს ოფისში სპეციალურად გაკეთებული უკანონო შემოჭრა, რათა ფარული თვალთვალის და მიყურადების აპარატი დაემონტაჟებინათ.“-განაცხადა დეკანოიძემ გამართულ ბრიფინგზე.
შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.