არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება - გახარია

პუბლიკა

„ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა – სრული წესების დაცვით. ამიტომ, არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლიტურად ღიად.

„ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, რომ წესები დავიცვათ – ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს ხომ ასეთი რთული არ არის. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის“, – განაცხადა გახარიამ.