ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ცესკომ შეიმუშავა ეფექტიანი წესები საიმისოდ, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში გაიმართოს.
„საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის.
გარდა ამისა, ყველა ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებსა და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებულები”, – აცხადებს კობახიძე.