პარტია ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

პუბლიკა

დღეს, 20 ოქტომბერს პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის საარჩევნო პროგრამა რამდენიმე სფეროს მოიცავს. მათ შორისაა საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, სამართლის სფერო, ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, სტრატეგიული პროგრამა დევნილთა ინტერესების დასაცავად, განათლება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკული პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა, სპორტი და კულტურული მემკვიდრეობა.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაშია აღნიშნული, პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და ახალი პარტნიორების ძიება, განსაკუთრებით, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში.

პარტიის განცხადებით, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საქართველოს წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე.

„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სამართლის სფეროს რეალური რეფორმირება, შესაბამისი ინსტიტუტების სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის გავლენისაგან გათავისუფლების, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისად მათი მოწყობის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს ამ ორგანოთა საქმიანობის პროცესში, ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობის აღიარების პირობებში, კერძო და საჯარო ინტერესთა შორის მიზანშეწონილი ბალანსის დაცვას.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, პარტიის მიზანია ქვეყნისა და მისი ყოველი მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლება. მათივე თქმით, ამ მიზნის მიღწევის ერთადერთ სწორ გზად სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა მიაჩნიათ, რამაც უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის დონის ამაღლება, შემოსავლებისა და დაგროვილი დოვლათის ზრდა.

„ვთვლით, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენის რეალურ საჭიროებებზე. სოციალური მდგომარეობის შეფასებისას, გამოყენებული უნდა იქნას მოდელი, რომელიც დაეყრდნობა სოციალურად გაჭირვებული ოჯახების სისტემატიზაციას და სრულყოფას. სოციალური მდგომარეობის შეფასებისას, გამოყენებულ იქნება „მრავალფაქტორიანი მოდელი“, რომელიც უახლოეს მომავალში მოგვცემს სოციალურად დაუცველ პირთა შეფასებების სრულყოფილად ადმინისტრირების შესაძლებლობას“, – ვკითხულობთ „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, განათლების სისტემის სწრაფი და არსებითი გაუმჯობესება არის ქვეყნის ყოველი მოქალაქის, მთელი საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობა და საწინდარი. ამიტომ, პარტიის თქმით, განათლება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა გადაიქცეს.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამის სრული ვერსიის სანახავად შეგიძლიათ, ნახოთ ფაილი.