სავარაუდო მუქარა TV პირველის დამფუძნებლის მამაზე | გამოძიება და შეფასებები

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთელის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც ამბობს, რომ უცნობი პირები დაემუქრნენ, გუშინ პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ავთო წერეთელმა მედიას განუცხადა, რომ სამართალდამცველები დაინტერესდნენ, ვინ იყვნენ პირები, ვინც მას ლისის ტბასთან დახვდნენ და რით დაემუქრნენ. წერეთლებს გამოძიების იმედი არ აქვთ.

„რაც გავიხსენე და რაც ვიცოდი იმ მომენტისთვის, ყველაფერი მომაყოლეს დაწვრილებით. კამერები უნდა ამოიღონ და დააზუსტონ. სახეზე ვერ ამოვიცანი, პირბადეები ეკეთათ“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაიხსენა ე.წ. გახარიას წერილი, რომელშიც TV პირველის „იმედის“ ტრენდზე გადასვლის შესახებ იყო საუბარი, ასევე „თიბისი ბანკის“ საქმე, რომელშიც ავთანდილ წერეთელი ერთ-ერთი ბრალდებულია და განაცხადა, რომ ეს არის „ქართული ოცნების დაკვეთა“.

ტელეკომპანიის დამფუძნებლის მამის მიმართ სავარაუდო მუქარას გამოეხმაურნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და შედეგები გააცნონ საზოგადოებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ თუ მუქარა ხელისუფლების დაკვეთაა, „ტრაგედიაა“, ხოლო თუ ხელისუფლების დაკვეთა არ არის და ვინმე სხვა ჯგუფი აძლევს თავს უფლებას, ისაუბროს რომელიმე ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყავს.

„აუცილებელია ამ საკითხის დაუყოვნებლივი გამოძიება და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. არა უბრალოდ იმ პირების, ვინც ეს ქმედება განახორციელა, არამედ იმის გაგება, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა სალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.


„ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამამ, ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას უცნობი პირები დახვდნენ ლისის ტბასთან და დაემუქრნენ: „თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო“.

ვახტანგ წერეთელი ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უკავშირებს.

„ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“ და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას“, – განაცხადა „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა.