„ნაცმოძრაობას“ გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ მერაბიშვილის ხელმძღვანელობით – კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს კარს მომდგარ არჩევნებს.

მისი თქმით, გასული კვირების განმავლობაში საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში.

ირაკლი კობახიძემ მოუწოდა აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

„რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც.

ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის – „აიპიემისთვის“ დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს შეკითხვა – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ.

და ამ შეკითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისა და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.

ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს!

ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის შეკითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.