31 ოქტომბრის არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მათ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

„საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან, 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა. ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ცესკოს თავმჯდომარეს შედეგების გამოცხადებაში ხელი შეუშალეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია შემდეგი სახის დარღვევებზე:

არჩევნების სავარაუდო გაყალბება

მარნეულის #13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დადასტურება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას.

ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნის გარეთ ადამიანებისთვის თანხის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა სიუჟეტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ.

ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა

გლდანში სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდნენ ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია და ონლაინ მედიის ჟურნალისტი მინდია გაბაძე. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ქუთაისში მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს ირაკლი კიკვაძეს სცემეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საჩივრების რეგისტრაცია

დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი იყო. მათ შორის,  რუსთავის #12.20.16 უბანთან ხუთამდე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს. რამდენიმე უბნიდან უსამართლოდ გამოაძევეს ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები. რამდენიმე უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა საჩივრებს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

დღის განმავლობაში არაერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. რამდენიმე შემთხვევაში კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა საკუთარ შევსებულ ბიულეტენს გადაუღეს ფოტო. ზოგიერთ უბანზე კენჭისყრის კაბინაში ამომრჩეველს არაუფლებამოსილი პირები მიყვებოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის – ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლებს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ.

გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები

იყო შემთხვევა, როდესაც უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე და კომისიის წევრებმა ხელით შეავსეს ეს ინფორმაცია გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ. საჩივრის დაწერის შემდეგ აღნიშნული ყუთის ბიულეტენები გაბათილდა.