ვაკანსია „პ“

ნენე გიორგაძე

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ნოამ ჩომსკის ტიპის ქართველი პოლიტიკოსი. მხედველობაში მაქვს ჩომსკის მშვიდი და თანმიმდევრული საუბრის მანერა და არა ინტელექტუალური გაქანება, რომელზე პრეტენზიაც ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ექნებათ ქართველ პოლიტიკოსებს. ჩომსკი, ებრაული წარმოშობის ამერიკელი ინტელექტუალი,  მასაჩუსეტის შტატის ცნობილი უნივერსიტეტის MIT-s ლინგვისტიკის პროფესორი იყო წლების განმავლობაში. საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, ჩომსკი მრავალრიცხოვან ინტერვიუებში, ლექციებსა თუ გამოსვლებში სრულიად დაცლილია ეგზალტაციისაგან როცა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე აგრესიული საგარეო პოლიტიკა აქვს მსოფლიოში. იგი მშვიდად და თანმიმდევრულად საუბრობს ამერიკულ კორპორაციათა (მათ შორის ფარმაცევტულ) ბნელ მხარეებზე, სიმდიდრის აკუმულაციაზე ამერიკელი პოლიტიკოსებისა თუ კორპორაციების მიერ, მათი ლობისტებისა თუ იურისტების არმიაზე, შეერთებული შტატების ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაზე – პრეზიდენტ ობამას მიერ ორი მილიონი ემიგრანტის დეპორტაციაზე და ა.შ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წელი ვიცხოვრე და იმ ავადხსენებულ კორპორაციაშიც მომიწია მუშაობა. კორპორაცია არ იყო ფედერალური მასშტაბის, მუშაობდა ატლანტის მეტროპოლიტენსა და მის შემოგარენში ჯორჯიის შტატში, სადაც მაშინ ვცხოვრობდი. ანუ ამერიკული კორპორაციების ზომებს თუ გავითვალისწინებთ, იყო საშუალოზე პატარა. ამ კორპორაციაში მუშაობის დაწყება გადამაწყვეტინა ფედერალური მასშტაბის კორპორაციების “დღის წესრიგის” გაცნობამ, კერძოდ – იმ ფინანსურმა სქემამ, რომელსაც ეს კორპორაციები თავიანთ თანამშრომლებს სთავაზობდნენ: თანამშრომლის მიერ გამომუშავებული თანხის 40 პროცენტი რჩებოდა კორპორაციას, ვიმეორებ: თანამშრომლის მიერ გამომუშავებული თანხის 40 პროცენტი კორპორაციის ჯიბეში მიდიოდა, ხოლო იმ დარჩენილ 60 პროცენტს თუ გამოვაკლებთ ბიზნესის წარმოების ხარჯებსა და გადასახადებს, თანხა მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ის კორპორაცია კი, სადაც მუშაობა დავიწყე, თანამშრომლის მიერ გამომუშავებული თანხის 30 პროცენტს, ანუ ცოტა უფრო ნაკლებს იჯიბავდა. სანაცვლოდ სთავაზობდა სივრცეს დიდ ფეშენებლურ ოფისში, სადაც კლიენტის მიყვანა და მასთან მოლაპარაკების წარმოება იყო ხოლმე შესაძლებელი, ბიზნეს ბარათს, ბეიჯს და რჩევას კორპორაციული ოფისიდან.  მოკლედ, რაც უფრო დიდი და ტიტულოვან-სახელოვანი იყო კორპორაცია, მით უფრო კაბალური პირობები ჰქონდა. ამიტომ როცა საუბარია ამერიკული კორპორაციების ბნელ მხარეებზე, ჩემთვის ეს ყურმოკრული ამბავი კი არა, პირადი გამოცდილების სფეროა.

მაგრამ დავუბრუნეთ საქართველოს და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდად და თანმიმდევრულად ახსნის, რა პლიუსები და მინუსები აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რას მოიგებს ან წააგებს ქვეყანა მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში (ეგება და, ნატო ქვეყნის დაქცეულ ეკონომიკას ააღორძინებს, როგორც ზოგიერთს ჰგონია) და ა.შ. ან წარმოვიდგინოთ აწიკვინებული მედია და დამოძღვრის მოყვარულ ქართველ ინტელექტუალთა აღგზნებული სახეები, თუკი რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი ჩომსკივით მშვიდად და თანმიმდევრულად დაასაბუთებს თავის მოსაზრებას, თუ რატომაა წინააღმდეგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების.

მაგრამ ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ კი არა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულიად თანხმდება იმ უდავო ჭეშმარიტებაზე, რომ ნატო და მხოლოდ ნატოა ჩვენი, როგორც ერის, ხსნა. გაგეცინათ? ქართველი პოლიტიკოსები ან მორცხვად დუმან ამის შესახებ, ან ისე დაბეჯითებით იმეორებენ, თითქოს ნატოს აჩრდილი ხმელი და მაღალი მისტერ სტოლტენბერგივით ყველგან უჩუმრად თან დაჰყვებათ. ხომ გახსოვთ ქართული ანდაზა: ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. “დიახ, კნიაზჯან, ფული. ეს სოფელმა სულ ფული, ფული, სხვა ყველამ ტყუილია”, – როგორც მიკირტუმას პერსონაჟი იტყოდა გიორგი ერისთავის კომედიაში “გაყრა”.

როგორია კრებითი ქართველი პოლიტიკოსი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში? ლავრენტი არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” ასე იწყება: “სახელი ჩემი სოლომონ, გვარი – მეჯღანუაშვილი. რაც ქვეყანაში კაცად გამოველ, მეთაკილებოდა ჩემი გვარი და ამიტომ ვცდილობდი გვარი როგორმე შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა სხვანი ადვილად ახერხებენ. ხან მინდოდა მიმეცა რუსული დაბოლოება, ესრეთ: მეჯღანუევ, მეჯღანუიჩ, მეჯღანუევსკი; მაგრამ სიტყვა ჯღანი არ ამოვარდა.”

ის გამოთქმაც გავიხსენოთ: მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო, – და მისი პერიფრაზიც გავაკეთოთ: მაჩვენე, სად მიდის შენი ფინანსები და გეტყვი, როგორი სახელმწიფო ხარ შენო. და ჰოი, საოცრებავ: სიგრძე-სიგანით წარმოჩინდება სიმახინჯეთა მთელი ჯაჭვი თუ კასკადი, თანამედროვე საქართველოს ისტორიას შავი ლაქასავით რომ გასდევს და ქვეყნის უკიდურესი გაჭირვების მთავარი მიზეზია.

მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ამაზეც სდუმან, ეს არაა მათი პრიორიტეტი. სამაგიეროდ, მთელი გალერეაა შექმნილი განტევების ვაცისა, ყბადაღებული რუსეთიდან თუ ნაც-ქოცური “დისკურსიდან” დაწყებული და ლევან ზურაბიშვილით დამთავრებული. კრებით ქართველ პოლიტიკოსს არ აღელვებს სოციალური თემატიკა, არ აღელვებს სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი ბავშვები, არ აღელვებს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში საშუალო კლასის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.  კრებითი ქართველი პოლიტიკოსი კუნთებს ათამაშებს, ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას პანდემიის პირობებში ნახევრად აშენებულ სახლებს უნგრევს, თან ურცხვად აცხადებს, რომ მათ სხვაგანაც აქვს “ქონება დარეგისტირებული” და ამით “აპრავებს” თავის სისასტიკეს. „გათენებული არ იყო, შვიდის ნახევარი ან უფრო ადრე იყო. შინ ვიყავით, გვეძინა. გამოგვყარეს და დაგვინგრიეს სახლი. ორნი ვიყავით ბინაში. რაღაცების გამოტანა მოვასწარით და დანარჩენი ყველაფერი დალეწეს“, – ჰყვება აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი, რომელსაც საცხოვრებელი დაუნგრიეს სამგორის რაიონში. წინასაახალწლოდ მთელი ქვეყანა ადევნებს თვალს  სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ტერორის ამგვარ გამოვლინებებს. არც გაბრაზებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოდიან პარლამენტის წინ სოლიდარობის ნიშნად, “მტერი” ხომ შინაურია, არც გავრილოვი ჩასკუპებულა პარლამენტში… რითი განსხვავდება მმართველი პოლიტიკური კლასის სისასტიკე თავისი წინამორბედის სისასტიკისგან? არაფრით!

კრებითი ქართველი პოლიტიკოსი არ მოქმედებს საქართველოს ინტერესებით, იგი ან ერთი ან მეორე ქვეყნის დროშას აფრიალებს და “ფასილიტატორებთან” დარბის საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. თი-ბი-სი ბანკის მფლობელმა დარცხვენილი სახით სულ ცოტა ხნის წინ გაგვიმხილა, რომ არ იცოდა ქართულ სოფლებში რა გაჭირვებაც იყო, სამაგიეროდ დიდი ენთუზიაზმით საუბრობს ანაკლიის პორტსა და იმ სარგებელზე, რასაც მომავალში ეს პორტი ხალხს, ჰო, სწორედ “ხალხს” მოუტანს. გირჩის ლიდერი მისთვის ჩვეული უშუალობით გვამცნობს, რომ ძირითად ფინანსურ რესურსს ქვეყნის სამხედრო გაძლიერებაზე გადაისვრის, (რომლის შედეგადაც, ალბათ,  საქართველო მეზობელი რუსეთივით ახალ რაკეტებსა თუ წყალქვეშა ნავებს გამოიგონებს), ოღონდ, არ აკონკრეტებს, ვის უნდა მოვუგოთ ბრძოლა: რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს თუ – ვაიდა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ხოლო მთლად “ხალხური წიაღიდან” გამოსული ხელმწიფე ქალაქიდან ატყორცნილი კოშკის გაუმჭვირვალე შუშებითაა გარშემორტყმული, სადაც ქვემოდან წამოსული ვერც ხმაური აღწევს და ვერც მძვინვარება. მის სამფლობელოში შესვლის უფლება მხოლოდ მზის სხივებსა აქვთ  – დედამიწაზე ედემის ბაღს აშენებს, აბა, ტყუილად ხომ არ დააქვს ხეები!

ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. საქართველოში 60 დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტია ყოფილა, როგორც არჩევნების წინ ცესკოს საიტიდან გავარკვიე. ამდენი ფსევდო-პარტიით თუ ლიდერით გაძეძგილ ქვეყანაში ისეთი დღის წესრიგი მოქმედებს, კიტჩიც რომ აღარ ჰქვია. აქ დღეს ბევრი ვაკანსიაა, და პირველ რიგში – ისეთი პოლიტიკოსების (განზრახ ვხმარობ კრებითს, რადგან მადლობა ღმერთს, გვყავს ერთი-ორი), რომლებიც დუჟმორეულნი კი არა, არამედ მშვიდად და თანმიმდევრულად დაგველაპარაკებიან და ასევე იმოქმედებენ. ბევრი ეს ვაკანსია “პ”-ზე იწყება:  პარლამენტარი, პარტია, პროფესიონალი, პატრიოტი… (და კიდევ – პრინციპი, პროგრამა, პრესა…) დანარჩენი თქვენ დაამატეთ.  მე კი იმით დავასრულებ, რომ კინო, რომელსაც დღეს ვუყურებთ, ერთი ცუდი, მაგრამ ჟღერადი სიტყვით დახასიათდება და ისიც “პ”-ზე იწყება.
___________

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.