დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივების მიზანია, ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიის ე.წ. მესამე ტალღა აიცილოს თავიდან. იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების კიდევ გახანგრძლივება მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მისი მოხსნის შემდეგ ქვეყანაში უკვე იქნება ვაქცინა, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს და ქვეყნის გახსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დრამატულად არ შეცვლის.
„ევროპაში მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ყველასთვის მეორე ტალღის დროს და ჩვენთვის, რეალურად, პირველი ტალღის დროს, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ყველაზე მაღალ ავადობას 100 000 მოსახლეზე ჩვენმა სისტემამ, გაუძლო. ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო. არადა, ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენზე ძალიან მდიდარმა ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო.
აქედან გამომდინარე, არ გვინდა იყოს მესამე ტალღა, როგორც უწოდებენ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ. ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები. გვინდა, გვქონდეს იმის გარანტია, რომ დავუძვრებით მესამე ტალღას და ჩვენი გახსნის შემდეგ ქეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინა, წამოგვეწევა სითბოც. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების დამატებით 2 კვირით გახანგრძლივება ეპიდემიოლოგიურ სურათს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ქვეყანას შედარებით უსაფრთხო გახსნის საშუალებას მისცემს.
„ეს 2 კვირა, არ ნიშნავს მხოლოდ 2 კვირას. შეზღუდვები განახლდა 3 იანვრიდან და რეალურად დაწყებულია ნოემბრის ბოლოდან, უბრალოდ საახალწლო გახსნა იყო ამ შუალედში. ასე რომ, ეს გამოდის ამ შეზღუდვების ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა. რაც გვაძლევს საფუძვლიანი ვარაუდის გაკეთების საშუალებას, რომ გაზაფხულით დაწყებული ბიზნესის გახსნა და ამუშავება სიტუაციას დრამატულად არ გაართულებს“, – ამბობს იმნაძე.