მოლოდინი, რომ თებერვლიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას, რეალისტურია – გაბუნია

პუბლიკა

„მოლოდინი, რომ თებერვლიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას რეალისტურია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს მეტი საფუძველი იმისათვის, რომ გახსნა იქნება უსაფრთხო. ამდენად, არ არის აუცილებელი, რომ ტესტირებამ გამოიწვიოს შემთხვევების მატება, პირიქით ჩვენ აგრესიული ტესტირებით მივაღწევთ, ერთი მხრივ, იმას, რომ, თუ სადმე ფარული შემთხვევაა, გამოვლინდება და ასევე ვნახავთ, რომ პოზიტიურობის მაჩვენებელი ნამდვილად იკლებს და გვაქვს უსაფრთხოდ და სტაბილურად გახსნის გარანტია. ამდენად, ვფიქრობ, მოლოდინი, რომ თებერვლიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას, რეალისტურია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად იწარმოებს.

„რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამ დროისთვის გვყავს 3939 კოვიდდადასტურებული პაციენტი, 164 იმყოფება ტრიაჟის პროცესში. მათგან 842 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. როგორც ხედავთ, ეს მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება, რაც ასევე მიუთითებს რეალურად შემთხვევების კლებაზე. 250 პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში. ეს მაჩვენებელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად შემცირდა. ამ დროისთვის თავისუფალია 2905 საწოლი“, – განაცხადა გაბუნიამ.