COVAX-პლატფორმა უკვე მზადაა, მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის – ეკატერინე ტიკარაძე

პუბლიკა

„COVAX-პლატფორმიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკვე მიღებული და დადასტურებული, რომ მზად არიან, მოგვაწოდონ ჩვენი სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში Pfizer-ის ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ამ შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ AstraZeneca-იც ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა რაოდენობის Pfizer-ის ვაქცინის შესყიდვას შეძლებს საქართველო, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს:

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება Pfizer-ის, თუ რომელიმე სხვა ვაქცინა – ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც. ვინაიდან, ვაქცინაციის პროცესი ეს არის საკმაოდ რთული და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს, თუ რა მოცულობის ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში. ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია გართულება, ამ კომპონენტშიც. ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება, საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო, მოსახლეობას არ ექნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინის შემოსატანად დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ბაზის მომზადებასთან დაკავშირებითაც.

„ინტენსიური მზადების ფაზაში საჭირო იყო და გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილება.  ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ პარლამენტში უკვე გაიმართა პირველი საკომიტეტო შეხვედრა, სადაც ცვლილებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმურად გვექნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას საქართველოში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.