გახარიას თქმით, ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც უნდა უზრუნველყონ

პუბლიკა

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისია რამდენიმე საკითხს ისახავს მიზნად; პირველი – მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან, რომ ქვეყანა იყოს მზად ვაქცინაციის დასაწყებად; მეორე – განსაზღვროს ის პრიორიტეტული ჯგუფები, ვისი აცრითაც დაიწყება ვაქცინაცია, და მესამე – უზრუნველყოს ხარისხიანი და ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა.

„ამასთან დაკავშირებით პირველი-ორი მიზანი დამუშავებულია და გეგმა არსებობს. ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოზე წარმოადგენს გეგმას და შემდგომ უკვე მთავრობაზე იქნება დამტკიცებული. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რამე კითხვის ნიშნები არსებობდეს. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული”, – განაცხადა გახარიამ.