ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.
„ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.