სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების გამო „ენგურჰესი“ მაისამდე გაჩერდება - ეკონომიკის სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო – სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენგურჰესი, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება.

თურნავას თქმით, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია. ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის 1-ელი მაისს გაეშვას.

ეკონომიკის სამინისტროს თქმით, რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

„პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.