მთავრობა ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას დღეს დაამტკიცებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ტრადიციულ განცხადებაში ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის შესახებ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფის ჩართულობით შეიმუშავა, მთავრობამ დღეს უნდა დაამტკიცოს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე აიცრას საქართველოს მოქალაქეების, მინიმუმ, 60%.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილი, მათ შორის, ეტაპობრიობისა და იმ მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა, რომლებიც ეტაპობრივად უნდა იყვნენ აცრილი.

„პირველ რიგში აიცრებიან ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები. ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა თქვა, საქართველომ COVAX-ის პლატფორმაზე მოითხოვა 1 500 000 ვაქცინის დოზა და შესაბამისი ფინანსური ხარჯიც გაწეული აქვს. მისი თქმით, მთავარი მიზანია, ტექნიკურ დოენზე ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული პრეპარატის მისაღებად.

„მოგეხსენებათ, დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში საქართველოს პირობებში შეუძლია  ეს ვაქცინა მიიღოს. ასე რომ, როგორც ტექნიკურად, ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადების პირობებით ეს გეგმა სრულად პასუხობს ჩვენს გამოწვევებს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, COVAX-ის პლატფორმასთან ერთად, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან. გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა. „ეს არის პრინციპული პოზიცია“, – თქვა მან.