ვინ რა თანმიმდევრობით მიიღებს ვაქცინას - თამარ გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა თანმიმდევრობით მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი.

გაბუნიას თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით, თავდაპირველად „ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზა შემოვა, რომელიც ჯანდაცვის სექტორის 10 000 თანამშრომელზე უნდა გადანაწილდეს. თუმცა, მთავრობას აქვს გეგმა, რომელშიც გამოყო მოსახლეობის ის ჯგუფები, რომლებიც მომდევნო ეტაპებზე მიიღებენ ვაქცინას.

თამარ გაბუნიას თქმით, მოსახლოების სხვადასხვა ჯგუფები ვაქცინას ასეთი თანმიმდევრობით მიიღებენ:

პირველი ფაზა:
  • ჯანდაცვის სექტორის მუშაკები;
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი;
  • 75 წლის ზემოთ პირები;
  • 65-დან 75 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი.
მეორე ფაზა:
  • სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ანუ ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას;
  • 55-დან 64 წლის ჩათვლით მყოფი ასაკობრივი ჯგუფი;
  • 18-დან 55 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები.

„ჯამურად ეს შეადგენს 1 700 000-მდე ბენეფიციარს. ამდენად ვაქცინების საერთო რაოდენობა, რაც დაგვჭირდება მათი სრულად მოცვისთვის არის 3 900 000.

ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა და ინსტენსიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა. პირველი-მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი-მეორე ჯგუფების მოცვას და შემდეგ უკვე ვფიქრობთ ვაქცინაციის ფართო კამპანიის წამოწყებას.

მერწმუნეთ, ბევრი ვაქცინა, რომელიც დღეს ემზადება ავტორიზაციისთვის, ამასობაში დაგვეწევა და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე ეს ჯგუფები მოვიცვათ. ეს არის ჩვენი გეგმის სცენარი“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ.