„ღია სივრცეში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის პოლიცია „პოსლეზე” გაჯარიმებთ, გთავაზობთ, იურიდიულ დახმარებას ჯარიმების გასასაჩივრებლად”, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლება” წერს.
პარტია აღნიშნავს, რომ ის კანონპროექტი, რის მიხედვითაც, მოქალაქეები ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის უნდა დაჯარიმდნენ, პარლამენტში დარეგისტირებულია 2020 წლის 2 დეკემბერს, თუმცა ჯერ მიღებული არ არის.
„როგორც იცით, საქართველოს პოლიცია უდანაშაულო ადამიანებს, ყოველდღიურ რეჟიმში, უკანონოდ აჯარიმებს ღია სივრცეში უპირბადოდ გადაადგილებისთვის. ამასთან დაკავშირებით, „გირჩი – მეტი თავისუფლება” თითოეულ დაჯარიმებულ მოქალაქეს გთავაზობთ დახმარებას უკანონო ჯარიმების გასაჩივრებაში. დახმარების მისაღებად მოგვწერეთ ფეიჯზე”, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლება”.
რა წერია კანონში და რა იცვლება კანონპროექტით:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მოქალაქეები პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმდებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211-ე მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი ითვალისწინებს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციას, ხოლო ღია საჯარო სივრცეებზე ამ მუხლში ჩანაწერი არაა.
კანონპროექტი, რომელსაც „გირჩი – მეტი თავისუფლება” ახსენებს, პარალამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დარეგისტრირდა.
პროექტის თანახმად აღნიშნულ მუხლს ემატება სიტყვები – ღია საჯარო სივრცე.
საქართველოს მთავრობა თავადვე წერს განმარტებით ბარათში, რომ „წარმოდგენილი პროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესების დარღვევისათვის და რომ მოქმედი კოდექსი იცნობს პასუხისმგებლობას მხოლოდ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესების დარღვევისათვის”.
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტზე ჯერ არცერთი მოსმენა არ გამართულა.